ბიზნესი
21/04/2021

უძრავ ქონებაზე ფასები ნარჩუნდება

უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები სარეალიზაციო ფასების ზრდას არ პროგნოზირებენ.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომხმარებელთა გაუარესებული მსყიდველთუნარიანობის ფონზე, ბინების გაძვირება შეუძლებელია.

როგორც „არსის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა, თუმცა გაზრდილი ხარჯების ბინების ფასში ასახვას კომპანიები ვერ ახერხებენ.

„იანვრიდან თითქმის ყველა მასალაზე გაიზარდა ფასი, სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის თვითღირებულების ზრდა რიგ შემთხვევაში ელექტროენერგიის გაზრდილმა ტარიფმა გამოიწვია, ცხადია, არის კურსთან დაკავშირებული გავლენებიც, რომელიც იმპორტირებულ საქონელზე ვრცელდება. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ამის ასახვა ვერ ხდება სამშენებლო კომპანიების მიერ გასაყიდი ბინების ფასებში. ჩვენ თუ გადავხედავთ ფასებს, ვნახავთ რომ გასულ წლებთან შედარებით, ბინები გაიაფებულიც კია. ღირებულება ვერ იმატებს, რადგან არ არის დღეს ისეთი მოთხოვნა, რომ ფასი უძრავ ქონებაზე თვითღირებულების ზრდის პარალელურად გაზარდო. ეს კი როგორც წესი, განსაკუთრებული პრობლემა პატარა კომპანიებისთვისაა. თუ ისინი თვითღირებულებასთან ახლოს ყიდიან ან შეიძლება ჩამოცდნენ კიდეც ამ ფასს, გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა ვერ განსაზღვრონ და ფასდადების დროს შეცდომა დაუშვან, ეს პროცესი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს,“ - განმარტავს ბესო ორთოიძე.

Businesspartner