თუშეთში წარმოებული ჩაი “უშარო“ ინგლისის შემდეგ ექსპორტს ირლანდიაში გეგმავს
სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. კომპანიის წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიაში.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სეხნიაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ თუშეთში წარმოებული ჩაის, კონკრეტულად კი, ბექთქონდარას ევროპაში რეალიზება დაახლოებით 3-4 თვეა, მცირე პარტიებით დაიწყო.
მისივე ინფორმაციით, პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირლანდიასთანაც. სეხნიანიძე განმარტავს, რომ დიდი ინტერესია რუსეთიდანაც, თუმცა, კომპანიის პრინციპული პოზიციაა, რუსეთში ექსპორტზე უარი თქვას.
‘უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ შენაქოში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 3 სახეობის მურაბას (ტყის ჟოლო,გირჩი, მოცვი) და სანელებლებს აწარმოებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, კომპანიის სავიზიტო ბარათი სწორედ მცენარეული ჩაია. მათ შორის: ბექთქონდარი, დეკა, თავშავა, გვირილა, პიტნა, მოცვის ფოთოლი. რაც შეეხება სუნელებს, ამ დროისთვის კომპანია კოწახურს და ხინკლის ქონდარს აწარმოებს.
მცენარეები თუშეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრს ზევით მოიპოვება.
პროდუქტის რეალიზებას კომპანია ძირითადად ადგილობრივად ახდენს. მათ შორის, კომპანიის საკუთრებაშივე არსებულ 4 ადგილიან სასტუმრო „უშაროში“ და მაღაზიაში. პროდუქცია იყიდება თბილისის რამდენიმე მაღაზიაში და ონლაინ სერვისის მეშვეობით. როგორც გიორგი სეხნიაიძე აცხადებს, “უშაროს“ ძირითადი მყიდველი უცხოელი ტურისტები იყვნენ. “უშაროს“ ჩაი 25 გრამიან შეფუთვით, ხოლო მურაბა -150 გრამიან შეფუთვაში იყიდება.
როგორც სეხნიაიძე აცხადებს, პანდემიის შედეგად, კომპანიას გაყიდვები საკმაოდ შეუმცირდა.
კომპანიამ პირველი პროდუქცია 2016 წელს გამოუშვა.