თუშეთში წარმოებულ "უშაროს" ჩაის ირლანდიაში დააგემოვნებენ
სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ მაისის ბოლოს სატესტო ვერსიას ირლანდიაში გააგზავნის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სეხნიაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს იქნება საკმაოდ მცირე პარტია, დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში თუშეთში წარმოებული პროდუქცია უკვე ირლანდიაში, მაღაზიების დახლებზე განთავსდება.
მისი ინფორმაციით, დიდი ინტერესია ისრაელიდანაც.
კომპანიის წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიაში. თუშეთში წარმოებული ჩაის, კონკრეტულად კი, ბექქონდარას ევროპაში რეალიზება დაახლოებით 6 თვეა, მცირე პარტიებით დაიწყო.
„უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ შენაქოში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 3 სახეობის მურაბას (ტყის ჟოლო,გირჩი, მოცვი) და სანელებლებს აწარმოებს.
უახლოეს მომავალში კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. განიხლება დამატებით, რამდენიმე მცენარეული ჩაის წარმოება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, კომპანიის სავიზიტო ბარათი სწორედ მცენარეული ჩაია. მათ შორის: ბექთქონდარი, დეკა, თავშავა, გვირილა, პიტნა, მოცვის ფოთოლი. რაც შეეხება სუნელებს, ამ დროისთვის კომპანია კოწახურს და ხინკლის ქონდარს აწარმოებს.
მცენარეები თუშეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრს ზევით მოიპოვება.
პროდუქტის რეალიზებას კომპანია ძირითადად ადგილობრივად ახდენს. მათ შორის, კომპანიის საკუთრებაშივე არსებულ 4 ადგილიან სასტუმრო „უშაროში“ და მაღაზიაში. პროდუქცია იყიდება თბილისის რამდენიმე მაღაზიაში და ონლაინ სერვისის მეშვეობით. როგორც გიორგი სეხნიაიძე აცხადებს, “უშაროს“ ძირითადი მყიდველი უცხოელი ტურისტები იყვნენ. “უშაროს“ ჩაი 25 გრამიან შეფუთვით, ხოლო მურაბა -150 გრამიან შეფუთვაში იყიდება.
კომპანიამ პირველი პროდუქცია 2016 წელს გამოუშვა.