თურქული და უკრაინული კვერცხის იმპორტმა "კოდას" რეალიზაცია შეუმცირა
მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება და რომ არა, აჭარაში, იმპორტირებული კვერცხის დიდი რაოდენობით შემოტანა, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელს გაუტოლდებოდა.
„18 000 ყუთი კვერცხი შემოვიდა თურქეთიდან და უკრაინიდან. მათი გასაყიდი ფასი ჩვენს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდებოდა. ამის ხარჯზე დაგეგმილი რეალიზაცია ვერ მოხდა. იმპორტს რომ არ შეეშალა ხელი ალბათ პანდემიამდელ პერიოდის გაყიდვებზე გავიდოდით,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.
მისივე განმარტებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზამთრის კურორტებზე სასტუმროები კარგად მუშაობენ, რაც ისახება კიდეც „კოდას“ შემოსავლებზე.
მისი განცხადებით, კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერში პროდუციაზე (კვერცხი, ქათამის ხორცი) ფასები გაზარდა, თუმცა, თუ მარცვლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანიას ფასების გადახედვა ისევ მოუწევს.
„იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი 15%-ით გაიზარდა. სიმინდი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის, ევროპიდან შემოდის სხვადასხვა ვიტამინი და ვაქცინა, ყოველდღიურად გვეზრდება ფასები საკვებზე და სხვა პროდუქტზე. 1 კილოგრამი ხორბალი ღირდა 0.95 ლარი, დღეს კი 1.10 ლარი ღირს. თუ ასე გაგრძელდა ფასის მომატება მოგვიწევს,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.
„კოდა“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.