ბიზნესი
01/03/2023

ტუნელური ყალიბის მეთოდით მშენებლობა "ას ჯორჯიას" პროექტების - "დირსი", "პარკ ბულვარი", მაღალ სეისმომედეგობას განაპირობებს

„ას ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელა.

კომპანია ქართულ დეველოპერულ ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს და იმთავითვე განსაკუთრებული ნიშით შემოვიდა, რაც  ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის, - „დირსი“, მშენებლობის ტუნელური ყალიბის მეთოდით დაწყებაში გამოიხატა.  ეს იმ დროისთვის მშენებლობის ინოვაციური მეთოდი იყო, რომელიც გათვლილია ყველაზე მაღალი სეისმური აქტივობის ქვეყნებისთვის“, - ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში „ას ჯორჯიას“ კომუნიკაციების მენეჯერმა, გვანცა კირვალიძემ აღნიშნა.

მან დეტალურად აღწერა მშენებლობის ეს მეთოდი და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენება იწყება შენობის საძირკვლის ჩაყრით, რომელიც მყარ ბეტონის ფილას წარმოადგენს.

„საკუთრივ ტუნელური ყალიბით ნაგები შენობა არის მთლიანად მონოლითური. სხვა მონოლითური ნაგებობებისგან ამ პრინციპით ნაგებ შენობებს სწორედ მშენებლობის განსხვავებული სპეციფიკა გამოარჩევს.

ტუნელური ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად  ერთი მთლიანობაა, მინიმუმამდეა დაყვანილი სამშენებლო ბმების რაოდენობა. რკინა-ბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას და ერთდროულად ხორციელდება იატაკისა და ტიხრების ბეტონირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ ნაგები მაღალსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსების შემთხვევაში, შიდა კედლების 80% მზიდი, მონოლითურია. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს შენობების მაღალ სეისმომედეგობას“, - ამბობს გვანცა კირვალიძე.

მისი თქმით, მშენებლობის ამ მეთოდის უპირობო უპირატესობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თურქეთსა და სირიაში სულ ახლახან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისას ტუნელური ყალიბის მეთოდით აშენებული უკლებლივ ყველა მაღალსართულიანი კორპუსი არათუ არ დანგრეულა, არამედ მნიშვნელოვნად არც კი დაზიანებულა და საცხოვრებლად ვარგისად დარჩა (დაზარალებულ პროვინციებში თურქეთის სახელმწიფო საბინაო სამმართველოს მიერ აგებული ასეთი ათი ათასობით შენობაა).

„ას ჯორჯიას“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ყალიბი, რომელიც კომპანიამ შეიძინა, მაღალბიუჯეტური ტექნოლოგიაა და სწორედ ჰოლდინგის მიერ განხორციელებულმა ამ პირველადმა მსხვილმა ინვესტიციამ დეველოპერს საშუალება მისცა  ამ ინოვაციური ტექნოლოგიით ეწარმოებინა მშენებლობა.

„ას ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ტუნელური ყალიბის მეთოდით მშენებლობის  კიდევ ერთი უპირატესობა, გარდა მაღალი სეისმური მედეგობისა, მშენებლობისას დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საშუალებაა, რადგან პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში ხდება მთლიანი სართულის აშენება და შრობა“.

კომპანიაში ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ , რომ ყალიბის მთლიანობისა და ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, მიწის ქვეშა სართულების მოწყობისას არჩევანი სარდაფების განთავსებაზე შეაჩერეს.

„ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში საძირკველი სამი სართულის სიღრმეზეა. კომპანიამ ტერიტორიიდან მოჭრა და გაიტანა 8-დან 11 მეტრამდე მიწა, რომ ფუნდამენტი კლდოვან საფარზე დაშენებულიყო. არჩევანი შეჩერდა სარდაფების მოწყობაზე, რათა მზიდი კედლები მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო და გაზრდილიყო კონსტრუქციის სიმტკიცე“ - განაცხადა გვანცა კირვალიძემ. 

„ას ჯორჯიას“ კომუნიკაციების მენეჯერმა კომპანიის მიმდინარე და ახლო მომავალში განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დირსის“ მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც 3000-მდე ბინას მოიცავს, მხოლოდ რამდენიმე ბინაა დარჩენილი. 

„ას ჯორჯია“ აგრძელებს განვითარებას, კომპანიამ  უკვე დაიწყო ახალი პროექტის „პარკ ბულვარის“ მშენებლობა. უკვე აშენებულია ორი კორპუსი, ოთხი ბლოკი. მშენებლობის პროცესი განსაზღვრული გეგმით მიმდინარეობს და სულ რაღაც ერთ თვეში გაყიდვების პროცესიც დაიწყება. ამავდროულად, კომპანია ზრუნავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

პარალელურ რეჟიმში, ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს რეკრეაციული პარკის მშენებლობის პროცესი, რომელიც 8 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. პროექტისთვის გამოყოფილია სოლიდური ინვესტიცია და უკვე დაწყებულია სამუშაოები.

კომპანიაში ვამაყობთ და გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენი კომპანიის საკმაოდ ბევრი თანამშრომელი, მათ შორის გენერალური დირექტორი და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები, სწორედ ჩვენივე პროექტის - „დირსის“ მობინადრეები არიან“, - აღნიშნა დასასრულს „ას ჯორჯიას“ კომუნიკაციების მენეჯერმა გვანცა კირვალიძემ.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"