ბიზნესი
25/01/2022

TSV Winery წლის ყველაზე წარმატებული ახალი ბრენდი გახდა

"ქართული ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიალზე TSV Winery 2022 წლის ყველაზე წარმატებული ახალი ბრენდი გახდა.

როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ლანა ბლიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2 წლის დაფუძნებული კომპანიისთვის ეს ჯილდო უდიდესი პასუხისმგებლობაა.

TSV Winery პანდემიის დროს თიკა სვანიძე-ვენკომ დააფუძნა. ამ დღიდან მოყოლებული, არაერთ ქვეყანას გააცნო. კონკრეტულად, ღვინო „მეფის რჩეული“, რომელიც ერეკლე მეფის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩამოისხა, ბევრ ქვეყანაში დააგემოვნეს და ყველგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრენდი საქართველოში, ისევე როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობადი ხდება. ვეცდებით, გავამართლოთ იმედები და კიდევ არაერთი ჯილდო და ჩვენი მომხმარებლის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი,“ - აცხადებს ლანა ბლიაძე.

მისივე ინფორმაციით, TSV Winery ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ღვინის მაღაზიაში, მათ შორის, 8 000 მოსავალში, რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებში. 2020 წელს შექმნილი კომპანიის Tika Svanidze Vancko Estate Winery, მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ღვინოსა და მაღალი ხარისხის ქართული წარმოების უნიკალურ პროდუქციას.

„კომპანიის დამფუძნებლისა და გუნდის 20 წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია ახლა უკვე ღვინის მეშვეობით შეძლებს გააცნოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქართველოს ტრადიციები, ღვინის კულტურა და უამბოს რჩეული ღვინით, გამორჩეული ამბები,“ - აცხადებს ლანა ბლიაძე.

კომპანია ორიენტირებულია პრემიალური, ექსკლუზიური და უნიკალური ღვინოების წარმოებაზე. კომპანიის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით, ნიდერლანდების სამეფოში ამოქმედდა და წარმატებით ოპერირებს ქართული ღვინის ონლაინგაყიდვების პლატფორმა www.tikawine.com, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეუკვეთოს პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი პროდუქტების დამატებაც. რაც შეეხება „ქართული ბრენდის დღეს“ , მას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა.პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.წლებთან ერთად კი დასაჯილდოებელი სფეროებიც გამრავლდა და დაჯილდოებული კომპანიების რაოდენობაც.