წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾7.03 მლნ-ად გაიყიდა
აუქციონზე გამოტანილი წყნეთის აგარაკები გაიყიდა.
აუქციონი 5 ლოტზე დასრულდა და ყველა მათგანი მაღალი კონკურენციის პირობებში გაიყიდა. მთლიანობაში 5-ივე ობიექტის გასაყიდი ფასი 4,748 მლნ ლარი იყო, თუმცა მთლიანობაში ქონება 7.03 მლნ ლარად გაიყიდა.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ობიექტები კერძო პირებმა იყიდეს.
ყველა მათგანი ქართველია.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესების მიზნით მთავრობა წყნეთის აგარაკების განვითარების კონცეფციის შემუშავებას გეგმავდა, მაგრამ აუქციონზე ობიექტები მაინც გამოვიდა, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე.
ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე 2019 წელს გამოიტანა. აუქციონზე 13 ნაკვეთის საერთო გასაყიდი ფასი 55,7 მლნ-ს აღემატებოდა. ინვესტორს ვალდებულებად ტურისტული კომპლექსის მოწყობა და 20 მლნ ლარის ინვესტირება ევალდებოდა.