ბიზნესი
12/10/2021

წლის სოციალური საწარმოს ნომინანტების ვინაობა ცნობილია

დღე, როდესაც სოციალური მეწარმეები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები ერთიანდებიან, ახლოვდება. 18 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. სოციალურ მეწარმეობაში მიმდინარე სიახლეებისა და შესაძლებლობების განხილვის შემდეგ წელსაც, ტრადიციულად, ფორუმის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იქნება.

უკვე ცნობილია 3 ნომინანტი საწარმო, რომელთაგან ერთი წლის სოციალური საწარმო 2021-ის ტიტულს მიიღებს. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინანტებად დასახელდნენ:

დადარი - ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმოა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ ზრუნავს ინტელექტუალური განვითარების შეფერხების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირების დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვაზე.

მეგო ბარი - საერთო სამუშაო სივრცე და კაფე-ბარია ზუგდიდში, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს განვითარებისა და რეალიზაციის საშუალებას აძლევს. ახალგაზრდებს ყოველდღიურად აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ან თავად მოაწყონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება.

პოტერია - თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოა თბილისში და მისი სოციალური მისიაა კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

თითქმის ერთ თვეში, სამი საწარმოდან ერთი მიიღებს წლის სოციალური საწარმოს ტიტულს და ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისა და დადებითი სოციალური გავლენის გაზრდისთვის.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.

 

 

Businesspartner