წისქვილკომბინატები მთავრობას კონსულტაციების სასწრაფოდ გაგრძელებას სთხოვენ
წისქვილკომბინატები მთავრობას კონსულტაციების სასწრაფოდ გაგრძელებას სთხოვენ.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემოს არსებობა არახალია, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მარცვლეულის აღების სეზონი მოდის, კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის დეტალურად ცოდნა, თუ რა კურსი აქვს აღებული ამ მიმართულებით ქვეყანას და რა კურსით უნდა იმოქმედოს ბიზნესმა.
როგორც სილაგავა განმარტავს, წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემოს არსებობის შედეგად ქვეყანაში მხოლოდ 3 მსხვილი წისქვილკომბინატი მუშაობს. რეალობაა ის, რომ დაიხურა არაერთი მცირე მასშტაბის წისქვილკომბინატი, შემცირდა სამუშაო ადგილები და ა.შ.
„ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მოხდა ფქვილის იმპორტის შემოტანა.ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ სწორი ფორმულაა, რომ ადგილობრივი წარმოება მთავრობამ კონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩააყენოს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არის 19-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ადგილობრივი წარმოების რომელიმე დარგს ემუქრება გაჩერების საშიშროება, მაშინ ქვეყნებს შეუძლიათ მიმართონ ზომებს და პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვა გააკეთონ.
დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ევროპული ქვეყნები (ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია) ხორბლის ექსპორტს ზღუდავენ. ანუ, ქვეყნები უფრო მაღლა აყენებენ თავიანთ სასურსათო უსაფრთხოებას და ადგილობრივ წარმოებებს, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების ხელშეკრულებებს,“-აცხადებს სილაგავა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმპორტირებული ფქვილის შემოტანამ პურის ფასის დაჭერაზე ვერ იმოქმედა და პროდუქტი გაძვირდა.
„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გასულ წელს პურის ფასი 24%-ით გაიზარდა,ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ფქვილი იმპორტით შემოიდოდა. წელსაც საუბარი ფასის ზრდაზე მიდის. ამ პირობებში მნიშვნელოვანია სტრატეგიული და ფართო ხედვის გადაწყვეტილების მიღება და არა მეპურეების, ჩვენი კოლეგების განცხადებების მოსმენა იმის შესახებ, რომ თუ არ იქნებოდა ფქვილი იმპორტით შემოტანილი, იძულებული იქნებოდნენ პურის ფასი გაეზარდთ. დრომაც დაგვანახა და სიტუაციამაც, რომ არ არის ჭეშმარიტი ის, რომ იმპორტრებული ფქვილი შველის პრობლემას. შესაბამისად, აუცილებელია ქვეყანაში შემოვიდეს ხორბალი და იმუშაონ წისქვილკომბინატებმა,“-აცხადებს სილაგავა.
კითხვაზე, წისქვილკომბინატების გაჩერების შემთხვევაში რთული იქნება თუ არა მისი შემდგომ ამუშავება, სილაგავა აღნიშნავს. რომ როდესაც მანქანა-დანადგარები ჩერდება,მისი ამუშავება რთულია,განიცდის ცვეთას და მის ხელახლა მუშაობას გარკვეული ინვესტიციები სჭირდება.
პრობლემაა ასევე კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დაკარგვა, რომელიც წისქვილების დახურვის შემთხვევაში სხვა სფეროში გადავლენ და ბიზნესი მათ უკან ვეღარ დაიბრუნებს.
მისი ინფორმაციით, პრობლემა ძალიან სერიოზულ ხედვას მოითხოვს. მათ შორის, ეს უნდა გადაწყდეს უმაღლესი რანგის დონეზე.
შეგახსენებთ, ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებულმა ექსპორტის გადასახადმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა და მთავრობა არჩევანის წინაშე დააყენა - გაძვირებულიყო პური, როგორც სოციალური პროდუქტი თუ წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემო შექმნილიყო. მთავრობამ მეორე ვარიანტი აირჩია, ერის შემდეგაც წისქვიკმობინატებს პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე მცირე საწარმო დაიხურა კიდეც.