წისქვილები ფქვილის იმპორტზე მცურავი გადასახადის შემოღებას ითხოვენ
ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები და მზარდი ფასები პურპროდუქტებზე - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს წისქვილკომბინატების ასამუშავებლად ახალი გეგმით კიდევ ერთხელ მიმართავს.
წისქვილები ფქვილის იმპორტზე მცურავი, დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებას ითხოვენ, რაც მათი მოსაზრებით ფქვილსა და ხორბალს შორის დარღვეული კონკურენციის პირობებს გაათანაბრებს და წისქვილებს ამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბაზარზე გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი ფქვილმა ჩაანაცვლა, რამაც წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის მუშაობა შეაფერხა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია სახელწმიფოს მიმართავს. ახალი შეთავაზების მიზანია წისქვილკომბინატების ამუშავება, პარალელურად, ყოველდღიურ მოხმარებაზე (ე.წ. სოციალურ პურზე ) ფასების შენარჩუნება, წისქილკომბინატების ვალდებულება ხორბლის 2 თვიანი მარაგების შექმნასთან დაკავშირებით და შედეგად, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"2021 წლის 2 ივნისის დადგენილებით, რუსეთში შემოღებულია ე.წ მცურავი ბაჟი ხორბლის ექსპორტზე, ამიტომ საქართველოში შემოდის ფქვილი და არ შემოდის ხორბალი, ამან კი გააჩერა წისქვილების მუშაობა (მანამდე არსებული ფქვილსა და ხორბალზე ერთნაირი დაბეგვრის რეჟიმების პირობებში საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 97 % ადგილობრივი წისქვილების ფქვილი და მხოლოდ 3 % იყო იმპორტირებული).
საქართველოში მოყვანილი ხორბალი არის ქვეყნის წლიური მოხმარების 15 %,რაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.
საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური -პურის გამოსაცხობად მაქსიმუმ 7000 ტონა პირვალი ხარისხის ფქვილი სჭირდებათ. საქართველო ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს დაახლოებით 30 000 ტონა ყველა სახეობის ფქვილს (უმაღლესი, პირველი , მეორე და ა.შ).
წისქვილები მოითხოვენ მცურავი, დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებას ფქვილის იმპორტზე ,რაც გაათანაბრებდა ფქვილსა და ხორბალს შორის დარღვეულ კონკურენციის პირობებს და უზრუნველყოფდა წისქვილების ამუშავებას.
რუსეთიდან დღეს არსებული ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი ფქვილზე იცავს პურის ფასს გაძვირებისაგან , თუმცა რეალურად პური მაინც პერმანენტულად ძვირდება. წისქვილკომბინატებს მიაჩნიათ , რომ პურის ფასს უფრო ეფექტურად დაიცავს ხორბლის მუდმივი მარაგების არსებობა.
შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში: 1. შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადი 2. გათავისუფლდეს წინასაიმპორტო გადასახადისაგან 7 000 ტონა პირველი ხარისხის იმპორტირებული ფქვილი იმ პირობით, თუ იგი პურის ქარხნების მიერ გამოყენებული იქნება ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად.
მოსალოდნელი შედეგი: პურის ფასი შენარჩუნებული იქნება, მეპურეებს სამომავლოდაც ექნებათ ზუსტად იგივე რეჟიმი და ფქვილის იმპორტი, რაც აქვთ დღეს , რომ არ გაძვირდეს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პური
სასურსათო უსაფრთხოება (ხორბლის მარაგები)- ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადი ათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის პირობებს. შეიქნბევა ხორბლის 2 თვიანი მარაგები როგორც ადგილობრივი ხორბლის მიღებით, ასევე ხორბლის იმპორტის განხორციელების მეშვეობით.
დამატებითი ეფექტი: შეიქმნება სამუშაო ადგილები, სხვადასხვა კატეგორიის ფქვილის გამოშვება(უმაღლესი, პირველი, მეორე) , მოხდება ქატოს გამოშვება , საქართველოს ბიუჯეტში შენატანები განხორციელდება,"-აღნიშნულია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.