ბიზნესი
29/03/2021

წიგნები, სამკაული და აბრეშუმის შარფები - QRME-ს QR კოდებით შექმნილი პროდუქტები

"როცა მას არ ეთქმოდა მარტივად სიტყვა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა, შეექმნა პირველი QR კოდი, რამაც მას საკუთარი ჩანაფიქრის უნიკალური ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა მიანიჭა,” - ასე დაიწყო „ქიუარმის“ ისტორია.

ინოვაციური კონცეფციის კომპანია ქმნის QR კოდებს, რომელშიც აისახება სურვილები ან იდეები და საშუალებას იძლევა, თან ატარო ვიდეორგოლი, რომელიც დაუვიწყარ მომენტს უკავშირდება, ფოტო-კოლაჟი, ლოკაცია, სადაც მოხდა ან მოხდება რაღაც განსაკუთრებული, ხმა თუ მელოდია, რომელიც ძვირფასია, ნანატრი ზარი/შეტყობინება და სხვა.

წიგნები, სამკაული და აბრეშუმის შარფები - ის პროდუქტებია, რომელზეც კოდები დაიტანება. წიგნების შემთხვევაში მკითხველს ეძლევა საშუალება, იხილოს კონკრეტული თემის ირგვლივ დამატებითი აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც კითხვის პროცესს უფრო შთამბეჭდავსა და მრავალფეროვანს გახდის. სამკაულის ან შარფების შემთხვევაში კი დაშიფრულ შინაარსს მომხმარებელი თავად არჩევს. ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და მოცემულ ეტაპზე, QRME ინტერნეტ-მაღაზიის ფორმით ფუნქციონირებს და სერვისს სოციალური ქსელების მეშვეობით ახორციელებს.

"გაჩნდა კონკრეტული მიზანი, შეგვექმნა მასშტაბური მოვლენა, რომელიც ადამიანებს საკუთარი იდეის ან/და აზრის ორიგინალურად და კრეატიულად გამოხატვის შესაძლებლობას მისცემდა. რაც შეეხება იდეას, მისი დაბადება უკავშირდება არა სპეციალურად კომერციულ საქმიანობას, არამედ ერთი ადამიანის მიერ საჭირო მომენტში სპონტანურად და კრეატიულად მოფიქრებულ „ევრიკა-შემთხვევას“. ეს წამოწყება იყო კარგი საშუალება, რომ კოვიდ 19 კორონავირუსის გამო, შემოღებული პანდემიის პერიოდი, დაწესებული შეზღუდვების პირობებში, საინტერესოდ გაეტარებინა იდეის ავტორს," - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნუცა მაჭარაშვილი.

QRME-ს განვითარება მოცულობითი პროცესი იყო. იგი მოიცავდა QR კოდების ტექნოლოგიის შესწავლას, ბაზრის კვლევას, შესაბამისი ნიმუშებისა და სათანადო სერვისების მოძიებას, შემდგომ მათ ტესტირებას და ა.შ. გუნდის წევრებმა დეტალურად იკვლიეს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზარიც, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ ანალოგის არსებობის რისკი. QRME გეგმავს გაფართოებას, ცნობადობის გაზრდას და სამომავლოდ არაერთი ინოვაციურ და საინტერესო პროდუქტის წარდგენას.