წეროვნის ტერიტორიაზე ლოგისტიკური პარკი გაშენდება - განაშენიანების გეგმა დამტკიცდა
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვნის ტერიტორიაზე ლოგისტიკური პარკი გაშენდება. განაშენიანების დეტალური გეგმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ დაამტკიცა. პროექტს კომპანია „თუში ქოლექშენი“ ახორციელებს.
დამტკიცებულ გეგმაში აღნიშნულია, რომ ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილი საწარმოების და განვითარებული სასოფლო მეურნეობის არსებობა ქმნის საჭიროებას განვითარდეს მაღალი სტანდარდებით აღჭურვილი სასაწყობე ფუნქციის კომპლექსი, რომელიც შემდგომში გაქირავდება სხვადასხვა პროდუქციის დასასაწყობებლად. დასაწყობდება ყველა ის პროდუქცია, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს და მალფუჭებადი პროდუქციისათვის განკუთვნილ სპეციალურ პირობებს.
“პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკურ პარკს, რომელიც შედგება „ბ“ კატეგორიის (შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით) ლოგისტიკური შენობისგან (თანამედროვე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით), საოფისე ფართისგან, განვითარებული ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომებისაგან. საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია 6 საწყობის, მომსახურების ოფისების და მოტელის ტიპის სასტუმროს მშენებლობა. სასტუმრო და ოფისები ავტობანის სიახლოვეს იქნება განთავსებული, ხოლო მათ უკან განვითარდება საწყობები,” - ნათქვამია დოკუმენტში. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე სამაცივრე ინფრასტრუქტურის განთავსება არ მოხდება.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სოფელ წეროვანში, სოფელ ჩარდახის მიმდებარედ, დედაქალაქიდან 28 კილომეტრის დაშორებით. ტერიტორიის ფართობი კი 232635 კვ.მ-ია.
განაშენიანების ფართობი 65000 კვ.მ-ია, განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე - 15 მეტრი. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოწესრიგებული საპარკინგე სისტემა, როგორც მსუბუქი ასევე სატვირთო მანქანებისთვის. გასული წლის დეკემბერში ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ ლარზე მეტია და პირდაპირი ეფექტით 250-300 ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეა. არაპირდაპირი დასაქმების ეფექტით კი, პროექტი 500 ადამიანს დაასაქმებს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „თუში ქოლექშნ“ 2017 წელა დაფუძნდა. დამფუძნებლები დავით და ეკატერინე თუშიშვილები არიან.
გასწული წლის დეკემბერში ამ ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო – ეკონომიკური სტატუსი მიენიჭა.
თუშიშვილები ჰოლდინგ Tushiconcept-ის მფლობელები არიან. ისინი სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ ინვესტიციებს და სასტუმროს, ლოჯისტიკის, განათლებისა და მენეჯმენტის სფეროებში ოპერირებენ. მათი ერთერთი ყველაზე ცნობილი პროექტია სამუშაო სივრცე „ტერმინალი“.