ბიზნესი
21/07/2021

“ცემენტის დეფიციტი მალე აღმოიფხვრება, თუმცა, ფასები შესაძლოა გაიზარდოს“ - GCA

ქვეყანაში ცემენტის და მისი მთავარი ნედლეულის-კლინკერის დეფიციტს საქართველოს ცემენტის ასოციაციაში ადასტურებენ და იმასაც აცხადებენ, რომ ფასების ზრდა ნედლეულ მასალებზე და ენერგომატარებლებზე, სავარაუდოდ, საქართველოს ცემენტის ბაზარზეც აისახება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა, იმპორტირებულ ცემენტსა და მის მთავარ ნედლეულს კლინკერს საქართველოში ცემენტის ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს.

მისი ინფორმაციით, იმპორტს ძირითადად 2 ქვეყანა ახორციელებს: აზერბაიჯანი და თურქეთი. სწორედ ამ ქვეყნებში (განსაკუთრებით თურქეთში) მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნამ ცემენტსა და კლინკერზე გამოიწვია ფასების მნიშვნელოვანი ზრდა (30-40%), რასაც თან დაერთო მაღალი ტვირთბრუნვიდან გამოწვეული სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა.

შესაბამისად, იმ ადგილობრივ მცირე საწარმოებს, რომლებიც ცემენტს იმპორტირებული კლინკერით აწარმოებენ ნედლეული მნიშვნელოვნად გაუძვირდათ და ადგილი ჰქონდა წყვეტებს მოწოდების ჯაჭვში.

„სექტორს ასევე, მძიმე ტვირთად აწვება ენერგომატარებლებზე გაზრდილი ხარჯები.ჩვენი აზრით, აღნიშნული შეფერხება ატარებს მოკლევადიან სახეს და ბაზარი შეძლებს გადაეწყოს/მოერგოს ახალ რეალობას,“-აცხადებს მახარობლიძე.

კითხვაზე,ქვეყანაში პროცენტულად ცემენტის წარმოების რა პროცენტი მოდის ადგილობრივ და რა იმპორტირებულ წარმოებაზე, მახარობლიძე განმარტავს,რომ გამოყენებული ცემენტის 94% იწარმოება საქართველოში, მხოლოდ 6%-ია იმპორტირებული. თუმცა, იმპორტირებული კლინკერით (ცემენტის წამოებისთვის საჭირო მთავარი ნედლეული) ნაწარმოებ ცემენტს ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს.

რაც შეეხება იმას, აკმაყოფილებს თუ არა ადგილობრივი წარმოება ცემენტზე არსებულ მოთხოვნას,მახარობლიძე განმარტავს, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრი კომპანიები (შპს ჯორჯიან ბილდინგ გრუპი და შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია) აქტიურად და შეუფერხებლად აგრძელებენ ოპერირებას. მეტიც წევრი კომპანიები გეგმავენ განახორციელონ ინვესტიციები წარმადობების ზრდის მიმართულებით, რათა ადგილობრივი წარმოება, უკვე მომავალ 2022 წელს, ბევრად უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს მეზობელი ქვეყნებიდან მომავლ შოკებს.

საქართველოს ცემენტის ასოციაციის გენერალური დირექტორი პროდუქციის რეალიზაციაზე და პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ცემენტის ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია. ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და აქტიური ბინათმშენებლობა, შესაბამისად, ეკონომიკის ამ სექტორმა შედარებით ნაკლები დანაკარგებით დაასრულა 2020 წელი, ვიდრე სხვა ბევრად უფრო მოწყვლადმა დარგებმა.