ბიზნესი
03/01/2022

წელს ჰუალინგის თიზ-ი 34 ჰექტარით გაფართოვდება

2022  წლის მეორე ნახევარში  ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კიდევ 34 ჰა-თი გაფართოვდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, შესაბამისად თიზ-ი ჯამში 58 ჰექტარს მოიცავს.

“თიზ-ის არსებული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად უკვე, 80%-მდე შეივსო, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენივე ტერიტორიის ხარჯზე, დამატებით 35 ჰექტარი აგვეთვისებინა. ეს ტერიტორია არ შედიოდა თიზ-ის შემადგენლობაში.

პროექტი 2021 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, პროცესი გაჭიანურადა, იყო ტექნიკური დეტალები, რომელიც  კანონმდებლობაში ტექნიკურ ცვლილებებს მოითხოვდა. შესაბამასად, პროცესი დასრულების ფაზაშია. ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტმანეტთან, იქ უშუალოდ ახალი საბაჟო გამშვები  პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, გავდიოდით ტექნიკურ დეტალებს, შევათანხმეთ ყველაფერი, ველით ბოლო იურიდიული, ნორმატიული აქტის ცვლილებას.

ამის შემდეგ კი მოეწერება ხელი ორმხრივ  ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასთან და წარიმართება პროცესი სამშენებლო სამუშოების დასრულებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ნიბლაძე.

ნიბლაძე აცხადებს, თიზ-ის ფუნქციონირების დასრულებამდე დაგეგმილია 25 მლნ დოლარის ინვესტირება.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.