ბიზნესი
24/06/2022

"თოლია" სანაყინეებში ცივი ყავის და ნამცხვრების დამატებას გეგმავს

ნაყინის მწარმოებელები ზაფხულის სეზონზე მომხმარებლებს სხვადასხვა საიხლეს სთავაზობენ. მათ შორისაა, კომპანია „თოლია“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს „თოლიას“ არაერთი სიახლე აქვს. მათ შორის, დაამატა ნაყინის ორი ახალი სახეობა თხილის და ნუშის (ინდიგოს ბრენდით) გემოებით. ამისთვის კომპანიას ქარხნის გადაიარაღებაც მოუწია, რაშიც  გასულ წელს დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის სარეალიზაციო მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი.

„ჩვენი ნაყინის ბიზნესის მიმართულება ორ ძირითად ნაწილად იყოფა - ინდუსტრიული (საცალო გაყიდვები)  და სანაყინეები (ჩამოსასხმელი ნაყინი, შეიკი, ცივი ყავა და სულ რამდენიმე დღეში დაემატება ნამცხვრები). ინდუსტრიულის, როგორც ბიზნესის მოცულობა უფრო დიდია, თუმცა, პროცენტულად დიდი ზრდა უფრო სანაყინეების მიმართულებითაა.

ამის მიზეზი დიდი ალბათობით ისაა, რომ მოიხსნა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები და მეორე, კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით სანაყინეების რაოდენობა გაზარდა და დღეს ჯამში 25 სანაყინე აქვს,“-აცხადებენ „თოლიაში“.

მათივე  ინფორმაციით, ამჟამად კომპანია, რომელიც 53 დასახელების ნაყინს აწარმოებს, ბაზრის  57%-ს ფლობს.

Businesspartner