ტკბილი ქვეყანა: ამ ეტაპზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს ვიკავებთ
კომპანია „ტკბილი ქვეყანა“ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებს.
„სიახლეებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან წინასწარი პროგნოზება ამ ვითარებაში რთულია, არ ვიცით რა იქნება, რა მოხდება,“ - განუცხადეს „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში.
როგორც „ტკბილ ქვეყანაში“ განმარტავენ, კომპანიას ლარის გაუფასურების და ნედლეულზე ფასების ზრდის გამო, წლის განმავლობაში პროდუქციაზე ფასების ზრდა რამდენჯერმე მოუწია. კომპანიამ სატარიფო პოლიტიკას დაახლებით 1 თვის წინ გადახედა და პროდუქციაზე ფასი დაახლებით 2-3%-ით გაზარდა.
დღეს კი აცხადებენ, რომ ამ მდგომარეობით ფასის ცვლილება დაგეგმილი აღარ არის.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, როგორი იქნება ლარის სტაბილურობა, ნედლეულის ფასები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“ - აცხადებენ „ტკბილ ქვეყანაში“.
მათივე ინფორმაციით, ახალ წლამდე კომპანიაში ასორტიმენტს 4-5 სახეობა დაემატება.
შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.