ბიზნესი
10/05/2022

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა.

პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი -  61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები - 38%. დასავლეთ ევროპაში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 3%-ს არ აღემატება, მთავარი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: გერმანია (59%), შვედეთი (11%), საფრანგეთი (8%). დსთ-ის ქვეყნებში ლიდერობენ: ბელარუსი (48%), ყაზახეთი (42%), მოლდოვა (3%).

ომის დაწყებიდან პირველ თვეს - მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში - 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპაში კი 89%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება და ვალუტის გაუფასურება. კრიზისულ პერიოდებში (2009, 2015, 2020 წლები) რუსეთში ღვინის ჯამური იმპორტი ლიტრებში - 14%-21%-ით, დოლარში კი 6%-39%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების დროს, საგრძნობლად მცირდებოდა დოლარში გამოხატული ჯამური იმპორტი.

რაც შეეხება ღვინის ადგილობრივ მოხმარებას, ის დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე. 2020 წელს, მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით შემცირდა, 43%-ით შემცირდა ღვინის ადგილობრივი მოხმარებაც.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი - 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.