
თიბისი კაპიტალი თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის აღდგენას 2022 წლისთვის ელის
თიბისი კაპიტალი თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის აღდგენას 2022 წლისთვის ელის. საინვესტიციო კომპანია ამავდროულად ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ახალი სავაჭრო ცენტრების გახსნის გამო ვაკანტურობის მაჩვენებელი დროებით გაიზრდება.
კომპანიამ სავაჭრო ცენტრებზე პანდემიის გავლენა შეისწავლა, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სავაჭრო ცენტრებზე გავლენა უფრო ძლიერი იყო სთრით რითელთან შედარებით, რადგან 2020-2021 წლებში სავაჭრო ცენტრები უფრო მკაცრი და ხანგრძლივი შეზღუდვების პირობებში ოპერირებდნენ. "თითქმის ყველა იჯარის ხელშეკრულება თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში მოიცავს იჯარის გადახდის ბრუნვაზე მიბმულ მოდელს, რის გამოც სავაჭრო ცენტრების საიჯარო შემოსავალი ავტომატურად მცირდება ტენანტების ბრუნვის კლებასთან ერთად. შედეგად, საშუალო შეწონილი იჯარა თბილისის სავაჭორ ცენტრებში წ/წ 53%-ით შემცირდა 2020 წლის მეორე კვარტალში და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა შემდეგ პერიოდებში. 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, იჯარა 19%-ით დაბალია 2019 წლის მაჩვენებელზე", - ნათქვამია კვლევაში.
იმავდროულად, ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის სავაჭრო ცენტრებში სტაბილურ ნიშნულზე დარჩა 2020 წელს. წელს მოსალოდნელია მისი მხოლოდ მცირედით გაზრდა, ვინაიდან სავაჭრო ცენტრები ცდილობენ მაქსიმალუროდ შეინარჩუნონ მათი ტენანტები. დამატებით, ტენანტების გადინებას სავაჭრო ცენტრებიდან აფერხებს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაზე ადრე გასვლის მაღალი ჯარიმები.
კომპანია ვარაუდობს, რომ 2022-2023 წლებში თბილისის სავაჭრო ცენტრებში გასაქირავებლად არსებული ჯამური ფართი გაიზრდება დაახლოებით 80,000 კვ.მ.-ით. ზეწოლა ვაკანტურობაზე და იჯარაზე განსაკუთრებით მაღალი იქნება დიდ დიღომში, სადაც სავაჭრო ცენტრების სიმჭიდროვე რამდენიმეჯერ აღემატება სხვა უბნების მაჩვენებელს.