თელავში, მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ფუნქციით აღდგენა გადავადდა
თელავში, მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ფუნქციით აღდგენის პროცესი დროებით შეჩერებულია, მიზეზად პანდემია სახელდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივის“ წარმომადგენელმა გიორგი ხითარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, 32 ჰექტარ ტერიტორიაზე უკვე გაშენდა იტალიური ჯიშის ვაზისგან ვენახი.
მისი განცხადებით, პროექტი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განხორციელდება. გარდა ამისა, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახი, ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები.
პროექტი ითვალისწინებს 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს და მუზეუმს. სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობაც. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უკვე შეთანხმებულია სასტუმროს პროექტი, ამჟამად კი ქარხნის პროექტზე მიდის მუშაობა.
კომპანია „ვივის“ წარმომადგენელი ვერ ასახელებს ვადას თუ როდის დასრულდება პროექტი და როდის მიიღებს კომპლექსი პირველ ვიზიტორს. ამ ეტაპზე ასევე უცნობია ინვესტიციის ზუსტი ოდენობა, თუმცა, ხითარიშვილი აცხადებს, რომ ეს რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი იქნება.