თელავის ღვინის მარანი: ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები განახევრებულია
ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ გაუმჯობესება 2020 წელთან შედარებით შეინიშნება, თუმცა, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს ჯერ ისევ ვერ დაუბრუნდა.
რამაზაშვილის ინფორმაცით, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული.
მისი განცხადებით, გაყიდვების შემცირება ტურისტული ნაკადის სიმცირემ განაპირობა, ამას დაემატა HoReCa სექტორის წლის განმავლობაში რამდენიჯერმე დაკეტვა, რაც პირდაპირპროპორციულად კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელზე აისახა.
„პანდემიამდელ მაჩვენებელს რომ დავეწიოთ, ამისთვის საჭიროა სრულფასოვნად აღდგეს აქტიური მიმოსვლა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ტურისტული ნაკადების მხრიდან. არ დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ რესტორნებში, სადაც ჩვენს ღვინოს დიდი პროცენტით მოიხმარენ, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ შემცირდა აქტივობა, რაც ასევე ნეგატიურად აისახა ჩვენს გაყიდვებზე,“ - აცხადებს რამაზაშვილი.
მისივე განცხადებით, საკმაო ზრდაა ექსპორტის მიმართულებაზე. ამ დროისთვის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინოს 28 ქვეყანაში ყიდის.