ბიზნესი
28/03/2023

თეკუნა გაჩეჩილაძე "საკვების ბანკის" შექმნის ინიციატივით გამოდის

„როდესაც ქველმოქმედება აღარ დაიბეგრება, მაშინ დაიწყება რეალურად ქველმოქმედება ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თეკუნა გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორატორი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის ამოქმედებაც ქვეყანაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება და რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სურსათის ნარჩენები შემცირდება, ქველმოქმედებისთვის სურსათის ჩაბარების შემთხვევაში კი, ბიზნესი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს.

თეკუნა გაჩეჩილაძე ახალ კანონპროექტს მიესალმება, თუმცა, ფიქრობს რომ მისი უფრო მოკლე ვადებში მიღება უკეთესი იქნებოდა.

„დღეს, ყველა ყველაფერს ვბეგრავთ. პროცედურულად, იმდენად რთული მოსაგვარებელია სურსათის ნარჩენების მართვა - უნდა შეაგროვო, გაყინო, ან რაღაც ოთახი გქონდეს ამისთვის გამოყოფილი, შემდეგ, დაიბარო საგადასახადო სამსახური და მათ თვალწინ უნდა განადგურდეს ეს ყველაფერი. ყოველდღიურ რეჟიმში ეს წარმოუდგენელია, ამიტომ, ავტომატურად ყველა დიდი ობიექტი ბეგრავს. ეს ძალიან დიდი ხარჯია. პლუს, გული გტკივა, რომ ამდენი საკვები უნდა გადაყარო“, - ამბობს თეკუნა გაჩეჩილაძე.

ცნობილი რესტორატორის თქმით, დიდი ობიექტები ვალდებულები არიან, რომ გაანადგურონ პროდუქცია და დაბეგრონ ავტომატურად.

„ბიზნესის სარგებელს რომ თავი დავანებოთ, ეს კანონი სოციალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უამრავი საკვები იყრება ყოველწლიურად საქართველოში - იმ სიტუაციაში, როდესაც ამდენი ადამიანი შიმშილობს. ჩემი ინიციატივაა, რომ შეიქმნას ე.წ „ფუდ ბანკი“ - ანუ „საკვების ბანკი“ და იმედია, 2025 წლიდან ამ საკითხზე ფიქრსაც დავიწყებთ. რესტორატორებისთვის დიდი ბედნიერება იქნება, როცა მათი ზედმეტი საჭმელი გააგრძელებს ცხოვრებას და კარგ საქმეს მოხმარდება“,- განმარტა თეკუნა გაჩეჩილაძემ.  

შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირისა და ასევე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა, პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.

სავარაუდოდ, საბოლოო სახის მიღებამდე მასში რამდენიმე ცვლილება შევა, თუმცა, როგორც მისი ავტორები ამბობენ, ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ერთი მხრივ ბიზნესსექტორი ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მეორე მხრივ კი ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან, საკვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი, სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით.

საქართველო არ არის გამონაკლისი და ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდის ნაგავსაყრელზე.

კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, 2019 წელს, საქართველოში 261 ტონა სურსათი გადაიყარა ნაგავსაყრელზე, რაც ერთ სულ მოსახლეზე ძალიან დიდი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, შემუშავებული კანონპროექტით იგეგმება როგორც ნარჩენების შემცირება, ასევე ბენეფიციარების ნარჩენი სურსათით მომარაგება.

 

Businesspartner