ბიზნესი
24/09/2021

"თეგეტას" ყველა ბრენდის ავტომობილის შეძენა წლის ბოლოდან ონლაინაც იქნება შესაძლებელი

"თეგეტა ჰოლდინგში" არსებული ავტომობილების ყველა ბრენდის ყიდვა  წლის ბოლოდან ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თეგეტა მოტორსის“ ფინანსურმა დირექტორმა ვახო კაჭარავამ განუცხადა, კომპანიამ დისტანციურ გაყიდვებზე მუშაობა პანდემიამდეც დაიწყო, თუმცა, მისი აუცილებლობა ახლა იმაზე მეტად დადგა, ვიდრე წინა წლებში.

„ჩვენ 2019 წლამდეც აწყობილი გვქონდა პლატფორმა, სადაც მომხმარებელს საშუალება ჰქონდა საავტომობილო პროდუქტები ონლაინ შეეძინა. პანდემიის პერიოდში დიდმა საავტომობილო ბრენდებმა დაინახეს, რომ ონლაინ გაყიდვები შესაძლოა აქტუალური იყო ავტომობილების გაყიდვის პროცესშიც. ვოლვო და პორშე, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ამბობენ, რომ მომდევნო ორ წელში სრული გაყიდვების 10-15% ონლაინ ვაჭრობაზე მოვა, შესაბმისად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი, რომელიც ახლა დაიწყო და აუცილებლად განვითარდება,“- აცხადებს კაჭარავა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ელექტრონული კომერციის განვითარებაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც კომპანია ონლაინ გაყიდვის სერვისს აამოქმედებს, ავტომობილების გაყიდვების რა წილი მოვა ელექტრონულ კომერციაზე, კაჭარავა განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე, მათი გათვლით, 2-3 წელიწადში ეს მაჩვენებელი საქართველოშიც ჯამური გაყიდვების 10-15% იქნება.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსის" ჰოლდინგური კომპანია 26-წლიანი გამოცდილებით უკვე 25 კომპანიას აერთიანებს. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს.

2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშე“, შვედურ საავტომობილო გიგანტს „ვოლვო“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა.