თეგეტა მოტორსი: პანდემიის გამო ბაზარი მცირდება, მაგრამ ვცდილობთ, ჩვენი წილი გავაუმჯობესოთ
„თეგეტა მოტორსის“ ფინანსური დირექტორი ვახო კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საავტომობილო ბაზარი ცალსახად შემცირებულია, რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის არის გლობალური პრობლემები - მომწოდებლებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მარაგები აწარმოონ და სხვადასხვა ქვეყანას მიაწოდონ, მათ შორის საქართველოსაც.
„ერთია, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც ბაზარი შემცირდა, მაგრამ ჩვენ შევძელით სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით, მიზნობრივი მუშაობით, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით, "თეგეტას" წილი გაგვეზარდა. ბაზარი შემცირებულია, თუმცა ვცდილობთ, გავზარდოთ გაყიდვები სხვადასხვა მიმართულებით და უფრო მეტ კლიენტს მოვემსახუროთ,“ - აცხადებს კაჭარავა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის ტრანსფორმაციის, მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების დანერგვის და ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად, 2020 წლის გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით შემცირების ნაცვლად, რიგ კომპონენტებში გაუმჯობესდა კიდეც.
„ჩვენი ხედვა და მიდგომაა ვიყოთ უფრო მეტად დივერსიფიცირებული. ჩვენ ერთი მიმართულება არ გვაქვს და ბაზარზე წარმოდგენილები ვართ საავტომობილო სერვისების ეკოსისტემით. შესაბამისად, კომპანია ეცადა, 2020 წელი ზარალის გარეშე დაესრულებინა. რეალურად, 2020 წელს არათუ შევმცირდით, გაუმჯობესებაც გვქონდა რიგ კომპონენტებში. გაყიდვებში მცირე კლება შეინიშნებოდა, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევას წარმატებულად გავუმკლავდით.
მიმდინარე წელი ბევრად უკეთესია და ეს იმით არის განპირობებული, რომ პორტფელი დივერსიფიცირებული გვაქვს და გვყავს ბევრი კორპორატიული კლიენტი. ჩვენი გათვლებით, წლის ბოლოს "თეგეტას" ფინანსური მაჩვენებლები, 2019 წლის მონაცემებზე უკეთესი იქნება,“ - აცხადებს კაჭარავა.
„თეგეტა მოტორსი" ჰოლდინგური კომპანიაა 26-წლიანი გამოცდილებით. ის უკვე 25 კომპანიას აერთიანებს. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს.
2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშე“, შვედურ საავტომობილო გიგანტს „ვოლვო“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა.