
თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს
თიბისი კაპიტალი თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების გაუმჯობესებას ელის. საინვესტიციო კომპანია ვარაუდობს, რომ კრიზისამდელ ნიშნულს ბაზარი 2021 წელს გადააჭარბებს.
შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.
თიბისი კაპიტალმა კვლევის შედეგები საზოგადოებას დღეს გააცნო. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.
„თიბისი კაპიტალის პუბლიკაციები ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია მდგომარეობის შესაფასებლად და საკუთარი საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. კრიზისული პერიოდის შემდეგ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - აღდგენის პერიოდი დადგა, სადაც ჩვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. იმისთვის, რომ ეკონომიკის აღმავლობისა და გაუმჯობესების ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ, სექტორული და მაკრო მიმოხილვები თიბისი კაპიტალის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პირველივე დღეებში უპასუხა და პირველები ვიყავით, ვინც ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად დისტანციური ვებინარი ჩაატარა. 1 წლის შემდეგ კი, რეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ფიზიკურ სივრცეში კვლავ პირველებმა ვუმასპინძელთ ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნავს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.