თბილისში, რეგიონის მასშტაბით კვების ახალი ჰოლი - "ბაზარი ორბელიანზე" იხსნება
თბილისში,ორბელიანის მოედანზე,რეგიონის მასშტაბით ახალი კვების ჰოლი - "ბაზარი ორბელიანზე" მიმდინარე წლის შემოდგომაზე იხსნება.
როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი თამარ მესარკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია სარემონტო სამუშაოები, მიმდინარეობს ბოლო დეტალებზე მუშაობა.
მესარკიშვილის ინფორმაციით, „ბაზარი ორბელიანზე“ ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც აგრარულ ბაზარს, ისე კვების სივრცეს, სადაც ოპერირებას დაიწყებს 35-მდე ქართული და საერთაშორისო რესტორნების სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შექმნილი ახალი ბრენდები. მათ შორის იქნება ცნობილი შეფ-მზარეულის ახალი რესტორანი ბრენდით „მალ-მალე“.
„შენობა სამი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე განთავსდება აგრარული, ევროპული სტანდარტების ბაზარი, სადაც ყველანაირი ტიპის სასურსათო პროდუქტი გაიყიდება, მათ შორის არასასურსათოც - კერამიკა, ფარდაგები და ასე შემდეგ. პირველ სართულზე იქნება რამდენიმე ქარხანა. მაგალითად, ყველის. გვაქვს ჩვენივე თონე, სადაც პური მომხმარებლის თვალწინ გამოცხვება და გაიყიდება. გვექნება ასევე ჩურჩხელის დამზადების პროცესიც.
მეორე სართული იქნება კვების ზონა, სადაც მოეწყობა როგორც ქართული, ისე მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოები, მათ შორის, იტალიური, აზიური,“ - აცხადებს მესარკიშვილი. მისივე ინფორმაციით, სივრცეში არ იქნება წარმოდგენილი Fast Food-ების კონცეფცია.
იქნება თუ არა სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე“ კონკურენტი „აგროჰაბი“, რომელიც თითქმის იდენტური კონცეფციით მუშაობს, მესარკიშვილი აცხადებს, რომ „ბაზარი ორბელიანზე“ არ იქნება სუპერმარკეტი და არც ჰიპერმარკეტი.
„ჩვენ ვართ ბაზარი, კვების კუთხით შეიძლება აღმოჩნდეს „აგროჰაბი“, თუმცა, ჩვენი სულ სხვა კონცეფციაა. იგივენაირად, რესტორნების ნაწილში შეიძლება იყოს ქარხანა, თუმცა, სულ სხვა კონცეფციაა. ეს არის ახალი სფერო და პროექტი, რომელის მსგავსი არ არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არაპირდაპირი კონკურენტები გვეყოლება, თუმცა, ასეთი ანალოგით არა,“ - აცხადებს მესარკიშვილი.
რა მოლოდინი აქვს კომპანიას მას შემდეგ რაც გაიხსნება, „ორბელიანი ბაზარზე“, მესარკიშვილი აცხადებს, რომ პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ახალი ობიექტი საინტერესო იქნება. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი.
„ბაზარი ორბელიანზე“ მთლიანად ქართული ინვესტიცია ხორციელდება.