ბიზნესი
16/07/2021

თბილისში კაზინოებს მოსაკრებელი გაუნახევრდა - სამინისტრო განმარტებას ავრცელებს

თბილისის კაზინოებს მოსაკრებელი გაუნახევრდება და 5 მლნ-ის ნაცვლად 2,5 მლნ ლარს გადაიხდიან.

მოსაკრებლის განახევრებაზე ფინანსთა სამინისტრო განმარტავს,  რომ გადაწყვეტილება ერთჯერად სახეს ატარებს და მიზანი პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაა.

მთავრობის დადგენილებით, სამორინეებს საქმიანობა 2020 წლის 21 მარტიდან შეზღუდული ჰქონდათ და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.

"2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2,5 მლნ ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2,5 მლნ ლარს გადაიხდიან თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.

აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე) 2022 წელს სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება," - განმარტებული სამინისტროს განცხადებაში.

Businesspartner