ბიზნესი
15/04/2022

თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია - ბაზრის ზომა I კვარტალში $180 მლნ-ია

უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლებას იწყებს. პოსტპანდემიური რეალობა ინდუსტრიისთვის დამაიმედებელია. 

პირველი კვარტლის შედეგებით, თბილისში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა როგორც ახალაშენებულ (24%), ასევე მეორად საცხოვრებელ ბინებზე (13%), რაც ტრანზაქციების რაოდენობაზეც აისახა.

მხოლოდ თბილისში უძრავი ქონების ბაზრის ზომა მარტში 36%-ით 180 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის ფონზე ბოლო წლებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო შეწონილი ფასი დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში 2022 წლის მარტში ტრანზაქციების რაოდენობამ 3,713 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა.

ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა საბურთალოზე (35%) და დიდი დიღომი/დიღომში (26%). რაც შეეხება ძველ პროექტებს, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ვაკეში (52%), ჩუღურეთში (35%) და საბურთალოზე ასევე (35%).
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში კვ.მ-ზე 600 აშშ დოლარს შეადგენს (8%-იანი ზრდა), ქალაქის ცენტრში - 968 აშშ დოლარს (9%-იანი ზრდა), ფართო ცენტრში კი - 756 აშშ დოლარია (5%-იანი ზრდა).