ბიზნესი
30/06/2021

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყება 2022 წლამდე გადაიდო

თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყება გადაიდო. ჰოსპიტალს ოპერირებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული ამერიკული Innova Health Management- გაუწევს.

როგორც jandacva.ge-ს ჰოსპიტალის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანმა  განუცხადა,  მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადაიდო, ახლა კი პროექტზე მუშაობის დაწყება 2022 წლიდან იგეგმება.

ტვილდიანი განმარტავს, რომ ჰოსპიტალის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 55 მლნ დოლარი იქნება.

მისი  განცხადებით, ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

შეგახსენებთ, პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში.

ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა" და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.

Businesspartner