თბილისის ზღვის მიმდებარედ €82 მლნ-იანი ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება
თბილისის ზღვის მიმდებარედ “პლატო ნატბეურის” ახალი უბნის გაშენება იგეგმება. საცხოვრებელი უბანი შერეული სახისაა, დაბალანსებულია ფუნქციებით.მკაფიოდ განსაზღვრულია საჯარო და კერძო სივრცეები, გამოკვეთილია სარეკრეაციო სივრცეების სისტემა და დაცულია ადამიანური მასშტაბი.
პროექტის ინვესტორი კომპანია "საპარტნიორო ფონდთან" ერთად GINO GROUP-ი და მისი შვილობილი კომპანია GINO GREEN CITY-ია. "პლატო ნატბეურის" გენერალური გეგმის კონცეფცია MUA - Architecture & Placemaking-ის გუნდმა შეიმუშავა.
მათი ინფორმაციით, მთელ ტერიტორიას საცხოვრებელ ბლოკთან ერთად მიუყვება უწყვეტი მწვანე ზოლი, რაც ქმნის სარეკრეაციო სივრცეების სისტემას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ებმის სხვადასხვა ფუნქციით დატვირთულ საჯარო-საზოგადოებრივ, კომერციულ და სავაჭრო სივრცეს, სპორტულ კომპლექსებს, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.სარეკრეაციო სივრცეების სიმრავლე და მათი ურთიერთკავშირი საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებთან,საცხოვრებელი უბნის სიცოცხლისუნარიანობას და სიჯანსაღეს განაპირობებს.
პროექტის განხორციელება იყოფა 4 ეტაპად, ერთი ეტაპი მოიცავს 5 წლიან პერიოდს, ჯამში კი პროექტის სრული განხორციელება 20 წელზე ნაწილდება.თუმცა,სტრატეგია პირველი ფაზის შესრულების შემდეგ შესაძლოა გადაიხედოს.
MUA - Architecture & Placemaking-ში განმარტავენ, რომ თბილისის თითოეული ფაზის განხორციელება დამოუკიდებელად მიმდინარეობს - განაშენიანებული ნაწილის ინფრასტრუქტურული განვითარება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც თითოეულ ფაზაში განაშენიანებულ უბანს თვითმყოფადობას უქმნის.
ახალი საცხოვრებელი უბანი თბილისის ზღვის მიმდებარედ 116 ჰექტარ მიწის ფართობზე ნაწილდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ადგილზე, საბჭოთა პერიოდში არაერთი მასშტაბური ურბანული პროექტის განხორციელება და ქალაქის გეგმაზომიერი ზრდა იგეგმებოდა.
Cushman & Wakefield-ის მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებელი უბნის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება შეფასებულია 82 მილიონ ევროდ.
როგორც MUA - Architecture & Placemaking-ში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის გენერალური გეგმის ძირითადი კონცეფცია დასრულებულია, თუმცა, მუშაობა გრძელდება და წინ რამდენიმე ეტაპია გასავლელი.
მათი განმარტებით, საპროექტო წინადადება წარდგენილია ურბანულ სამსახურში გეგმარებითი დავალების მისაღებად. პარალელურად, მიმდინარეობს პროექტის მდგრადობის სტრატეგიის განვრცობა და დეტალიზება.
„მდგრადობის სტრატეგია მდგომარეობს ისეთი მეთოდოლოგიის დანერგვაში, რაც განაპირობებს უბნის, როგორც ფიზიკურ ასევე სოციალურ-ეკონომიკურ სიჯანსაღეს.
სტრატეგია მოიცავს შემდეგი კომპონენტების იმპლემენტაციას - არსებული ნაგებობების შენარჩუნებას და მათ ინტეგრაციას; ახალ მოსახლეობასთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას; წყლის გაწმენდის და ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვას. ტერიტორიაზე მაქსიმალურად შეზღუდულია ავტომობილით გადაადგილება და დაგეგმილია ავტოსადგომების ინოვაციური სისტემა. გარდა ამისა, პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ მდრგადობას ფუნქციებისა და გამოყენებების დაბალანსებული ინტეგრაცია განაპირობებს,”-აცხადებენ MUA - Architecture & Placemaking-ში.
პროექტში გათვალისწინებულია Cushman & Wakefield-ის მიერ ჩატარებული უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და რეკომენდაციები.
MUA - Architecture & Placemaking-ში აცხადებენ, რომ პლატო ნატბეურის უბანი თბილისის მომავალი განვითარების მოთხოვნებს პასუხობს და მას გრძელვადიან პროცესზე (15-20 წელზე) გაწერილ გეგმას სთავაზობს, რომელიც ეტაპორბივად და ზომიერად გაზრდის ქალაქს,ამავდროულად ჩაეწერება მის ქალაქგეგმარებით სტრუქტურასა და ქსოვილში.
შეგახსენებთ, GINO GROUP-ი ევროპასა და საქართველოში ველნეს სასტუმროების, აკვა პარკების და აპარტოტელების დეველოპერული კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა GINO GREEN CITY. რაც შეეხება "საპარტნიორო ფონდს", ის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია და 2011 წელს სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე შეიქმნა. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). დღეს ფონდში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.