ბიზნესი
25/05/2022

თბილისის თიზ-ში მედიკამენტების წარმოებით თურქული კომპანია დაინტერესდა

თბილისის ინდუსტრიულ ზონაში მედიკამენტების წარმოებით კიდევ ერთი თურქული კომპანია დაინტერესდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, კომპანია პროექტირებას ახლა იწყებს.  

„შემოვა ნედლეული, რომლის შემდეგაც დამზადდება GMP სტანდარტების მედიკამენტები, პროდუქცია საექსპორტო იქნება,“ - აცხადებს ტაბიძე.

ზონაში, 6 000 კვადრატულ მეტრის ფართობის ტერიტორიაზე უკვე ოპერირებს რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია, მათ შორისაა, თურქულ-აზერბაიჯანული, ისრაელური და ასე შემდეგ.

„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად ზონით დაინტერესება შემცირდა, თუმცა გასული წლის შემოდგომიდან ინტერესი გაიზარდა.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, ტაბიძე აცხადებს, რომ ზონაში რამდენიმე უკრაინული კომპანია რეექსპორტს ახორციელებდა. არსებული ვითარების გამო კი მათ ოპერაციები დროებით შეჩერებული აქვთ.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში დაახლოებით $30 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.