ბიზნესი
24/05/2022

თბილისის თიზ-ი ფართოვდება

თბილისის თავისუფალი ინდუსტრული ზონა ფართოვდება.უკვე დაწყებულია პროექტირება და მისი ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, განიხილება არსებული სასაწყობე ფართების გვერდით ახალი ლოგისტიკური ცენტრის მოწყობა. მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

საუბარია, დაახლოებით 2 000 კვ.მეტრის ფართის ტერიტორიის დამატებასა და მასზე ახალი შენობის მშენებლობაზე.

„ჩვენთან ყველა შენობა გასაქირავებელი სექციაა. გვაქვს  50 კვ. მეტრიდან - 600 კვ.მეტრის ფართები. გააჩნია ვის როგორ სჭირდება. ახალ შენობაში უფრო 200-300 კვ.მ-ის ფართები გვექნება,“-აცხადებს ტაბიძე.  

„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, გაფართოების პროექტში დაახლოებით $400 000-ის ინვესტიცია განხორციელდება.  

მისივე განცხადებით, ჯამში ზონის 6 000 კვ.მეტრი  უკვე ათვისებულია.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა.

ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში დაახლოებით $30 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.