
თბილისის მერი: ბიზნესი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მზად არის
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თბილისის მერიაც გამოთქვამს მზადყოფნას.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში შეიქმნება სპეციალური ადგილი, სადაც რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ ჩაერთონ უკრაინელი ხალხის დახმარების აქციაში. ამასთან, აქციაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებიც.
"უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს. რთულია, ამ ყველაფერს ემოციების გარეშე უყურო. რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. წლების განმავლობაში, ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კონკრეტულად კიევში და ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი, კარგი დღეები მახსოვს, ბევრი წარმატება, გამარჯვება და ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადოუკრაინელ ხალხს.
საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა უკრაინაში, ქართველი ხალხის სახელით, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ამასთან, ჩვენი ქვეყანა მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მიმართ. თბილისი და კიევი დაძობილებული ქალაქები არიან, ასევე ჩვენ გვყავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და აუცილებლად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორცილეებს. რა თქმა უნდა შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ასევე ძალიან ბევრი ადამიანის ზარი შემოდის - ჩვენი მეგობრების, ბიზნესექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ძალიან აქტიურობენ და ყველა გამოხატავს მზაობას, ჩაერთოს ამ მხარდამჭერ აქციაში. ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, პანდემიის დროს ძალიან აქტიურები ვიყავით ბიზნესთან ერთად, რიგით მოქალაქეებთან ერთად ხდებოდა პროდუქტების შეგროვება, დარიგება მოსახლეობისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამ ყველაფერს ორგანიზებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გაუწევს.
"ილია ელოშვილს მინდა დავავალო ანალოგიურად მოხდეს კონკრეტული ადგილის გახსნა, სადაც რა თქმა უნდა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ აქციაში და ყველა ერთად შევუერთდეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს. ბიზნესიც გამოთქვამს სრულ მზადყოფნას", - აცხადებს კახა კალაძე.