თბილისის აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას ADPI 2022 წელს დაასრულებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) მუშაობას 2022 წელს დაასრულებს.
კომპანიის დელეგაციას და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
„ტავ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.