ბიზნესი
25/12/2020

თბილისის 19 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით ნებართვის გარეშე ვაჭრობდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 23 დეკემბერს თბილისში გამოავლინა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.