თანამშრომლობს თუ არა Carrefour-ი ქართველ ფერმერებთან
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე Carrefour-თან გაჭიანურებულ დავაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. ივა ჭყონიას განცხადებით, დაახლოებით 1 თვის წინ სასამართლოში ჩანიშნული იყო მოსამზადებელი სხდომა, რომელიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„საერთოდ, წელს ჩატარდება თუ არა სხდომა, არც მაგაზე გვაქვს ინფორმაცია. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოაქვთ შესაგებებელი სარჩელი, რაც სხდომის გადადებას იწვევს. პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს არის ალბათ ერთ-ერთი სტრატეგიაა იმ ტემპერატურის დასაწევად, რომელიც ჩვენ ავწიეთ,“ - აცხადებს ჭყონია.
მისი ინფორმაციით, არის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც Carrefour-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოუგო. ეს კომპანია არის სოფლის მეურნეობით, კონკრეტულად კი მესაქონლეობით დაკავებული. ჭყონია დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს დასტურია, რომ პროცესები დაძრულია.
„ვფიქრობ, არაერთი კომპანია შეიტანს სარჩელს მათ წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები ეხება არასწორად ჩამოჭრილ თანხებს,ფინანსური ზიანი ადგება კომპანიებს და წარმოიდგინეთ 1 წელი გაჩერებული თანხა საბრუნავი კაპიტალიდან, ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის და ქართველი მწარმოებლებისთვის, რომლებსაც ხელის შეწყობა სჭირდება.
რეალურად, როდესაც Carrefour-ი საუბრობს იმაზე, რომ ხელს უწყობენ ქართველ მწარმოებლებს და ქართველ ფერმერებს, საინტერესოა წარმოადგინონ ზედნადებები, რომელი ქართველი ფერმერისგან იღებენ საერთოდ პროდუქციას. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ქართველ ფერმერებთან საერთოდ არ თანამშრომლობენ, ყველანაირი ბარიერი აქვთ, ვერ ახერხებენ Carrefour-თან კომუნიკაციას,“ - აცხადებს ჭყონია.
"ბიზნესპარტნიორი" Carrefour-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა. კომპანიის განცხადებით, წლების განმავლობაში, Carrefour-ის ქსელის გაფართოების საფუძველზე, კომპანიასთან ერთად 800-ზე მეტი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი გაიზარდა, კომპანიაში გადამზადდა და დასაქმდა საქართველოს 2500-ზე მეტი მოქალაქე.
“ბოლო პერიოდში გავრცელდა არაერთი ვიდეო რგოლი, სადაც თავად ადგილობრივი ფერმერები საუბრობენ Carrefour-თან თანამშრომლობის ბენეფიტებზე.
Carrefour-ი საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს.
რაც შეეხება სასამართლო დავას, Carrefour-მა უკვე გააკეთა როგორც განცხადება, ასევე ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ. მიმდინარე დავის საკითხებზე სასამართლოს დასრულებამდე კომპანია თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან,“ - განუცხადეს „ბიზნესპარტნიორს“ Carrefour-ში.
შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები Carrfour-ს სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. ქსელი კომპანიებს პროდუქციის ღირებულების თანხას დროულად არ ურიცხავს. მეორე მხრივ კი დამატებით ირეალურ საკომისიოებს არიცხავენ.