თანამშრომლებს ვერ შევინარჩუნებთ - რას ითხოვენ სავაჭრო მოლები
სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი და ქარვასლა - 6 უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი კომერციული უძრავი ქონებისა და რითეილის სექტორისთვის ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებას ითხოვს.
მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.
მოთხოვნები გულისხმობს ფუნქციონირების განახლების უფლებას 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 22-ისა, ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმებას, ასევე სესხების 12-თვიან რეფინანსეირებას, 6 თვის საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებით.
სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ 17 000-მდე ადამიანია დასაქმებული, პანდემიის პირველი ტალღისას ოპერირების 3 თვიანი შეზღუდვის შემდეგ, მოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველანაირი რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯული აქვთ და ოპტიმისტურ პროგნოზებს დეკემბრის თვეზე ამყარებდნენ, შესაბამისად, ახალი დადგენილებებით სექტორი სრული კოლაფსისთვის უნდა მოემზადოს.
"დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თვეა სავაჭრო ცენტრებისთვის. სექტორის წლიური 10 მილიარდიანი ბრუნვის 25% სწორედ ამ თვეზე მოდის და თითოეული დღე დაკეტილ რეჟიმში დაკარული 10 მილიონი ლარია ცალ-ცალკე ობიექტისთვის. ვითხოვთ 2 კვირიანი სამუშაო ნებართვა მაინც მოგვცენ, ეს პერიოდი ხალხის მასების გადანაწილების მხრივ უფრო უსაფრთხოც იქნება. მეიჯარეებს, ბუნებრივია, გადასახადისგან ვათავისუფლებთ, თუმცა, თუ ქონების გადასახადი არ მოგვეხსნება, თანამშრომლების შენარჩუნებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ბიზნესპარტნიორთან საუბარში „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.
მოლების წარმომადგნელები გამოთქვამენ მზაობას, რომ ოპერატიულად გააგრძელონ მუშაობა სამთავრობო სტრუქტურებთან, რათა შექმნილი კრიზისი მინიმალური დანაკარგით გადაიტანონ.