თამაზ დაუშვილი ახალ მინისტრს ეკონომიკური გადაწყვეტილებების პოლიტიკისგან გამიჯვნას ურჩევს
კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი ეკონომიკის ახალ მინისტრს ეკონომიკური გადაწყვეტილებების პოლიტიკისგან გამიჯვნას ურჩევს.
როგორც თამაზ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ინვესტორები მოიზიდოს და შეჩერებული მსხვილი საინვესტიციო პროექტები განახლდეს.
„მე ვურჩევდი მინისტრსაც და მთავრობასაც, რამენაირად მოხერხდეს ის, რომ პოლიტიკა მოცილდეს ეკონომიკას და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის რათა ინვესტორები მოვიზიდოთ და ეს შეჩერებული პროექტები განახლდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ანაკლიის პორტი არის ასაშენებელი სწრაფად და მიმაჩნია, რომ ჰესებიც უნდა აშენდეს იმ სტანდარტის გათვალისწონებით რაც არსებობს. ენერგეტიკა თუ არ განვითარდა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ამ კუთხით ბევრი უნდა იმუშაოს ახალმა მინისტრმა,“ - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, მაქსიმალურად ატარებდა სამთავრობო გუნდის ინტერესებს.
„არ მახსენდება ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მიერ მიღებული რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა მისი საქმიანობის დიდი ნაწილი პანდემიის პერიოდს დაემთხვა და საკმაოდ რთულად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება იმას, რაც არ მომწონდა ეს ძირითადად დაკავშირებულია დიდ საინვესტიციო პროექტებთან. როგორიცაა ანაკლიის პროექტი, რომელიც სამწუხაროდ შეჩერდა და რომ ყოფილიყო მთავრობის პროაქტიული ჩართულობა, ინვესტორებთან ნებისმიერ საკითხზე შეიძლებოდა მოლაპარაკება და ეს პროექტი არ ჩაიშლებოდა. მსგავსად ნამახვანჰესისა, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ყოფილიყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია ეს პროექტიც იქნებოდა ისე წარმართული, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შეეფერებოდა. რაც წაადგებოდა როგორც ზოგადად საინვესტიციო კლიმატს ისე ჩვენს გეო-პოლიტიკურ ინტერესებს,“ - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
ცნობისთვის, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე მის ადგილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ლევან დავითაშვილს კი, თანამდებობაზე ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს.