თამარ შარაშენიძე: თმის საღებავები უკრაინის ნაცვლად შესაძლოა ევროპიდან შემოვიდეს
რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა თითქმის ყველა ქვეყანასა და სექტორზე მოახდინა. გამონაკლისი არც საქართველოა.
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელი თამარ შარაშენიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სილამაზის სალონები სახარჯი მასალების იმპორტს ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან ახორციელებდა. შექმნილ სიტუაციაში პროცესი შეჩერებულია, იმპორტიორები კი ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესში არიან. განიხილება ევროპული ბაზრები.
შარაშენიძის განცხადებით, ქვეყანაში სალონური პროდუქციის, მათ შორის, საღებავების და შამპუნის მარაგები არის და ამ დროისთვის დეფიციტის რისკი არ დგას.
„თმის მომსახურების პროდუქტები, ფრჩხილის ლაქები და ესთეტიკური მომსახურების პროდუქტები, ეს ყველაფერი ძირითადად, ამ ორი ქვეყნიდან შემოდიოდა. „ლორიალიც“ კი უკრაინიდან შემოდიოდა. ყველაზე ნაკლები წილი ესთეტიკური მედიცინის მიმართულებითაა. ამ შემთხვევაში შემომტანები მაინც ევროპული, კორეული და ჩინური კომპანიები არიან,“ - აცხადებს შარაშენიძე.