SWAROVSKI-ს საქართველოში გაყიდვები გაუნახევრდა
საივულერიო ბრენდი SWAROVSKI-ს პარტნიორ მაღაზიას საქართველოში გაყიდვები 50%–ით შემცირდა. კომპანიის ბრენდ მენეჯერი ნინო ფრანგულაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და ზარალი დეკემბრის თვეში განსაკუთრებით დიდია, რადგან გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ პერიოდშია.
„ამ წლის მონაცემებზე ძალიან იმოქმედა აგვისტოს თვემაც, რომელიც ტურისტულად ყველაზე აქტიურია. შესაბამისად, ორი მნიშვნელოვანი თვე გამოვტოვეთ, რამაც გაყიდვების 50%–იანი კლება განაპირობა. პანდემიამ ჩვენი გეგმებიც შეცვალა, ვფიქრობდით გაფართოებას და მაღაზიის დამატებას ერთ–ერთ მოლში, თუმცა, ამ ეტაპზე სიტუაციიდან გამომდინარე არსებულის შენარჩუნება ვამჯობინეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თუმცა,ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენხანს გაგრძელდება მსგავსი შეზღუდვები.
ონლაინ პლატფორმა პანდემიამდეც გვქონდა, მაგრამ ძირითადდ მაღაზიაში გვსტუმროდა მომხმარებელი და თავად არჩევდა სამკაულს. პირველი ჩაკეტვისას, ფეისბუქ გვერდი ძალიან გააქტიურდა,კონსულანტებიც ცდილობენ ისეთივე სერვისი შესთავაზონ მომხმარებლებს, როგორც მაღაზიაში ყოფნისას“– აღნინშნავს ნინო ფრანგულაიშვილი.
SWAROVSKI–ს პარტნიორი მაღაზია საქართველოში 10 წელზე მეტია არსებობს და თბილისში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. სამკაულების გარდა, მაღაზიაში სხვადასხვა აქსესუარები, საათები, დეკორატიული ფიგურების შეძენაა შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბრენდ მენეჯერი აცხადებს, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა.
„ამ ეტაპზე SWAROVSKI საქართველოს ბაზრიდან გასვლას არ აპირებს. თანამშრომლებს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ, ყველას ვუხდით ხელფასს და თითოეულს გადანაწილებული აქვს თავისი მოვალოება ონლაინ პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ მაღალ საფასო კატეგორიაზე მოთხოვნა კვლავ არსებობს, მომხმარებლები ამ რთულ ვითარებაში გახალისებას სწორედ ასე ცდილობენ.“– აცხადებს ნინო ფრანგულაიშვილი.
შეგახსენებთ,საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოებრიდან ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.