ბიზნესი
19/12/2020

Sunny Studio: პანდემიის პერიოდში ფოტოსესიებზე მოთხოვნა გაიზარდა

Sunny Studio–ს დამფუძნებელი თამუნა ბიჭინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით ფოტოსესიებზე მოთხოვნა გაიზარდა.

„თუ ადრე დეკემბერში რეზერვში გვყავდა 20–30 ადამიანი, ახლა 50 გვყავს. ზოგადად ეს თვე ყველაზე მოთხოვნადია. ვფიქრობ ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ხალხი ფულს აღარ ხარჯავს სხვადასხვა ობიექტში, ვერ დადიან მაღაზიებში, შესაბამისად, გამონახეს ფინანსებიც და დრო ჩვენთან მოსასვლელად. ვმუშაობთ ბავშვებზე, ამიტომ პანდემიის გამო მოგვიწია ფოტოსესიების დროის გაზრდა, რომ შუალედებში მოვახერხოთ ყველაფრის დეზინფექცია.

ფასებს რაც შეეხება, ყველაფერი გაგვიძვირდა, დეკორაციები, სხვადასხვა აქსესუარი, რამაც ფოტოსესიის ღირებულება მინიმალურად გაზარდა. ყოველ წელს საკმაოდ დიდ თანხას ვხარჯავთ ახალი დეკორაციებისთვის. წელსაც დავამატეთ მეორე ნაძვის ხე, ახალი კუთხე და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა სტუდია", – აღნიშნავს თამუნა ბიჭინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Sunny Studio ახალშობილებისა და ბავშვების პირველი პროფესიონალური ფოტო სტუდიაა საქართველოში. კომპანია ახალი მიმართულებების დამატებას და ზრდასრულებზე მუშაობას, გარდა მშობლებისა, არ აპირებს და ინარჩუნებს ამ ნიშას.

 

Businesspartner