ბიზნესი
24/12/2021

Subway-ს გახსნა ქუთაისსა და ზუგდიდშიც განიხილება

Subway-ს გახსნა ქუთაისსა და ზუგდიდშიც განიხილება. როგორც Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ბიზნესგარემოზე.

„Subway-ს ბრენდით ჩვენთან ადგილობრივი ბიზნესმენები ინტერესდებიან, გახსნის ექსკლუზივი კი არავის აქვს. ლიცენზიის აღება კონკრეტული რესტორნის გასახსნელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენ და გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

Subway-ს ობიექტების გახსნით საქართველოში მცირე და საშუალო  ბიზნესი ინტერესდება. ეს ის სეგმენტია, რომელიც მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება. ადამიანი, რომელიც 250 000 - 300 000 დოლარის ინვესტიციას დებს, სურს იყოს დარწმუნებული, რომ ამისთვის შესაბამისი დროა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბრენდის რესტორნის გახსნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებული იქნება. ინტერესი დიდია, ბრენდი კარგად ვითარდება,“ - აცხადებს ორდენიძე.

მისი ინფორმაციით, 2022 წელს კომპანია განვითარებას განაგრძობს. ბრენდის მიერ გაყიდულია ლიცენზიებიც. როგორც ორდენიძე განმარტავს, ამ მომენტისთვის გაყიდულია 2 ლიცენზია, რაც  ნიშნავს იმას, რომ ქუთაისსა და თბილისში 2 რესტორანი გაიხსნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებს.

საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალითაა (6-თბილისი, 2 - ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.