ბიზნესი
15/11/2021

სტრადა მოტორსი: ავტომობილების მეორად ბაზარზე კომპანიების ნაწილი დაიხურა

მეორადი ავტომობილების ბაზარზე მოთამაშე მცირე კომპანიების ნაწილმა პანდემიის შედეგად არსებულ კრიზისს ვერ გაუძლო და დაიხურა.

როგორც „სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მეორადი ავტომობილების ბაზარი უფრო არაორგანიზებულია, რადგან ბევრი ფიზიკური პირია, ბევრი ისეთი მცირე კომპანიაა, რომელიც  ავტომობილების ჩამოყვანას და გაყიდვას ცდილობს.

მისი განმარტებით, ასეთი კომპანიების უმრავლესობამ ვერ გაუძლო კრიზისს, ბევრმა კომპანიამ, რომლის დაფინანსების წყარო იყო კრედიტები, გაუჭირდათ სესხის მომსახურება, რადგან მათი შემოსავალი ციკლის უწყვეტობაზე იყო დამოკიდებული. რაც შეეხება საშუალო და უფრო დიდ კომპანიებს, რომლებიც ახალი ავტომანქანების იმპორტს ახორციელებენ, კრიზისს გაუმკლავდნენ.

„სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მართალია, გარკვეულმა ბრენდებმა შეწყვიტეს ავტომობილების შემოყვანა, თუმცა ასეთი იმპორტიორი კომპანიები არ გაუქმებულა.

„გაუჭირდათ ნამდვილად, მათ შორის ჩვენც მოგვიწია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, მოვძლიერდით,“ - აცხადებს ასანიშვილი.

მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს 2019 წელთან შედარებით ავტომობილების იმპორტის დაახლოებით 10%-იანი ზრდა იქნება, რეექსპორტის მაჩვენებელი კი 5%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს. როგორც ასანიშვილი აცხადებს, ავტომობილებზე ფასების შემცირებას მომხმარებელი 2022 წლის ბოლოდან უნდა ელოდოს.

“საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფში ავტომობილები მეორე პოზიციაზე იყო. კერძოდ,  მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 338.2 მლნ დოლარი (მთლიანი ექსპორტის  11.3%) შეადგინა. სუბუქი ავტომანქანები, 632.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 9%), საიმპორტო კალათის სათავეშია.