სტემ სფეისი: ქართველი ბავშვები ნებისმიერ ავტომატიზირებულ ქარხანაში დასაქმებას შეძლებენ
„ძალიან მალე პროგრამირების ენა ისეთივე აუცილებელი გახდება, როგორც ჩვეულებრივი ენა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სოციალური საწარმო „სტემ სფეისი“-ის მენეჯერმა დავით ბარაბაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „სტემ სფეისი“ 2022 წლის ოქტომბრიდან ამუშავდა და მისი მთავარი მიზანია, პატარებს ბავშვობიდანვე შეასწავლოს ისეთი უნარები, რომლებიც მომავალში გამოადგებათ, ეს იქნება გუნდური მუშაობა, პროგრამირების ენა, პრიორიტეტების დასახვა, ალგორითმის შედგენა, თუ სხვა.
„გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა ინჟინერიისაა და ტექნოტრონიკის საწყისები ვასწავლოთ. ამ გზით, ნიჭიერი და მოტივირებული ბავშვები ძალიან კარგი მომავლის შექმნას შეძლებენ როგორ თავისთვის, ისე ქვეყნისთვისაც.
ადრე ტექნოლოგური საგნები რუტინულად მიიჩნეოდა, დღეს ასე არ არის. ამ დარგის სპეციალისტები, მთელ მსოფლიოში, ძალიან დაფასებულები და მოთხოვნადები არიან და ისეთივე მაღალანაზრაურებადები, როგორებიც ექიმები და იურისტები“, - აღნიშნა დავით ბარაბაძემ.
მისივე ინფორმაციით, „სტემ სფეისი“ 7-დან 13 წლამდე ბავშვებს ინოვაციურ უნარებს სათამაშოების მსოფლიო გიგანტი კომპანიის, „ლეგოს“ მეთოდით ასწავლის.
„ცოტა ხნის წინ „ლეგომ“ ახალი ინიციატივა შემოგვთავაზა. მან თავის სეტებს მოაყოლა ერთგვარი ტვინი, რომლის დაპროგრამებაც ხორციელდება და ამ პროგრამების მეშვეობით, ბავშვს უკვე შესაძლებლობა აქვს, მისი სურვილისამებრ ამ ნივთს რაღაც ფუნქცია შესძინოს. ამ გზით, ბავშვი სწავლობს ტექნიკასთან ისეთ ურთიერთობას, რომელიც მომავალში აუცილებელი გახდება“, - განმარტა „სტემ სფეისი“-ის მენეჯერმა.
მისივე თქმით, სტემ ფეისის კურსები 3 თვიანია, კვირაში 1 გაკვეთილი ტარდება და სწავლების მეთოდი რუტინული არ არის, ბავშვი თამაშით იძენს საჭირო უნარებს. გაკვეთილი 2 საათი გრძელდება.
„კურსის „ლეგო-განათლება ახალგაზრდებისათვის“ დასრულების შემდეგ, ბავშვს ექნება პროგრამისტის და პროგრამირებისთვის აუცილებელი უნარები. თუ ის შემდეგ მოინდომებს გააგრძელოს მომავალში ეს პროფესია, იქნება ძალიან წარმატებული. რადგან, ისინი შეძლებენ დასაქმდნენ ნებისმიერ ავტომატიზირებულ ქარხანაში. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი კადრები ფუფუნებაა იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი სპეციალისტები არ არიან. ასეთი პერსონალი როგორც წესი სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ ხოლმე“, - განმარტა დავით ბარაბაძემ.
ცნობისთვის, „სტემ სფეისი“ დაფინანსდა ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, სტარტაპ სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსის შედეგად.
„ლეგო-განათლება ახალგაზრდებისათვის“ - პროექტის მთავარ მიზანს კი LEGO-განათლების კურსების შეთავაზებით, ბავშვებისთვის სკოლის ასაკიდან მომავლის უნარების (პროგრამირება, სწორი ალგორითმის შედგენა, ამოცანის გადაჭრის გუნდური ძიება, ტექნოლოგიებთან სიახლოვე და ა.შ.) სწავლება და მათთვის შემდგომი განათლების პერსპექტიული მიმართულების, კერძოდ STEM მიმართულებით პროფესიული განათლების სავარაუდო დარგების წინასწარ განსაზღვრა წარმოადგენს.
გარდა ამისა, „სტემ სფეისის“ პროექტის ძირითადი მიზანია LEGO STEM მიმართულების კურსების განხორცილების გზით, ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთ მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიურ დარგებში, რომლებიც საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.