"Stadler-ის საქართველოში შემოყვანისთვის დიდი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი"
Stadler-ის საქართველოში შემოყვანისთვის დიდი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა,- ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა განაცხადა.
მიხეილ ხიდურელის განმარტებით, როდის დასრულდება ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
„თქვენ იცით, რომ Stadler-ის პრეზიდენტის ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა საქართველოში, რომელმაც გამოთქვა ჩვენს ქვეყანაში წარმოების გადმოტანის დიდი სურვილი. ვიმედოვნებ, ჩვენი აქტიური ჩართულობით ეს მიზანი მიღწევადი იქნება,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ეკონომიკის მინისტრი და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი შვეიცარიული Stadler-ის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გაიხსნება.
მინისტრმა მაშინ თქვა, რომ Stadler-ი ქართულმა მხარემ დაარწმუნა Stadler-ი, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. "კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით საბოლოო ჯამში “შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler-ი 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი ჯამში 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.