სრულიად პარალიზებულები ვართ – Wedder-ი სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვაზე
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა, გადაწყვეტილება ძალაში 10 სექტემბრიდან შევიდა.
ღონისძიებების დამგეგმავი კომპანია Wedder-ის ხელმძღვანელის ანი სირბილაძის თქმით, ივნისის და აგვისტოს თვის შემდეგ მომხმარებელთა ნაკადი 6-ჯერ გაიზარდა და დაგეგმილი ღონისძიებებიც ბევრი იყო.
„უამრავ ადამიანს ვამისაართებდით ივენთ–მენეჯერებთან და იგეგმებოდა ქორწილები, წესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. ყველა სექტემბერ–ოქტომბერის ღონისძიება გაუქმდა. მომხმარებლებს აინტერესებთ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ სიტუაციაში, ბოლო ორი დღეა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მომართვიანობა. ვინაიდან მასშტაბური ღონისძიებები არ ტარდებოდა, მაინც ღია სივრცეებს არჩევდნენ ორგანიზატორები,“– აღნიშნავს ანი სირბილაძე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქტიური მოლაპარაკებები მიდოდა ამ სფეროს წარმომადგენლებთან, პარტნიორებთან, ჩაშვებული იყო კამპანიები, ვიდეორგოლები, სტატიები და მზადდებოდა სხვადასხვა მასალა. ივენთ–მენეჯერები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფერბი, კაბების, მანქანების კომპანიები, დიზაინერები, დეკორატორები და სხვა ამ ეტაპზე მუშაობას ვერ აგრძელებენ.
„შემიძლია ვთქვა სრულიად პარალიზებულები ვართ. შეზღუდვების მიუხედავად, არ ველოდით რეგულაციების გამკაცრებას. თუმცა ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ ასეთი საკითხი, რომელიც ჯანმრთელობას ეხება ბევრად მნიშვნელოვანია და ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც წინააღმდეგობაშია რკომენდაციებთან,“– ამბობს Wedder-ის ხელმძღვანელი.
ღია ცის ქვეშ ქორწილების ორგანიზატორი კომპანია Skyline-ში აცხადებენ, რომ ასე სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი ბიზნესი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.
„სადაც კორონავირუსის გავრცელების უფრო დიდი საფრთხეა, არ მომხდარა წესების გამკაცრება. ოქტომბრამდე კვირაში რამდენიმე, შაბათ–კვირას კიდევ 2–2 ღონისძიება იყო დაგეგმილი. ცუდ მდგომარეობაში არიან ის ადამიანებიც, ვინც თვეების განმავლობაში ელოდნენ და ემზადებოდნენ ქორწილისთვის,“– აღნიშნავს Skyline-ის წარმომადგენლი.