ფოტო: კოდალა
ბიზნესი
16/12/2021

სოციალური საწარმო "კოდალა" ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულია

სოციალური საწარმო "კოდალა" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებული გახდა. 

"კოდალა" 2016 წლიდან არსებობს და ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებს, რომელიც ავითარებს ბავშვის წარმოსახვას და მეხსიერებას, ეხმარება მას თვალის გავარჯიშებაში.  საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს ბავშვმა შეიგრძნოს ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს.

კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვი თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. "კოდალას“ საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი, მათ შორის 16  შშმ პირია, რითაც კომპანია  ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო  მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.