ბიზნესი
20/03/2021

სოციალური საწარმო "ბაბალეს" წინდები Amazon-ზე გაიყიდება

სოციალური საწარმო "ბაბალეს" წინდები უახლოეს მომავალში Amazon-ზე გაიყიდება.

„ბაბალეს" წინდა სოციალური საწარმოს შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც იქმნება როგორც ქართველი მხატვრების და ეროვნული მემკვიდრეობის ნიმუშების, ასევე დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციით. ტურისტებისა და ძველი სამუშაო რიტმის დაბრუნებამდე საწარმოში სწორედ ამ წინდების Amazon-ზე განსათავსებლად ემზადებიან, რათა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

სოციალური საწარმო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის 8 000 ლარიანი გრანტით 2015 წელს შეიქმნა. მისი მიზანი დაუნის სინდრომის თუ სხვა მენტალური პრობლემის მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა - მათივე დასაქმების გზით.

„ბაბალეს“ ნიშა კრეატიული დიზაინის ხის, ტექსტილისა და კერამიკის პრაქტიკული და დეკორატიული ნივთები და აქსესუარებია, რომლსაც დაუნის სინდრომის მქონე პირები თავადვე ამზადებენ.

„საწარმო დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების დედებმა დავაარსეთ, რადგან ყველაზე მეტად გვაწუხებდა კითხვა, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, მერე რა იქნება?! ამიტომ, გავიარეთ სოციალური მეწარმეობის ტრენინგები და შემდეგ საგრანტო კონკურსშიც მივიღეთ მონაწილობა. მომხმარებლემა ჩვენი პოროდუქტები ძალიან კარგად მიიღო, საწარმო რამდენიმე წელში მნიშვნელოვნად განვითარდა, ისე, რომ ბრუნვამ 300 000 ლარსაც მიაღწია. არადა, წარმოება მიზერული თანხებით დავიწყეთ,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „ბაბალეს“ თანადამფუძნებელი თამუნა მარგიშვილი.