ბიზნესი
18/05/2022

სოსო ფხაკაძე საწვავის ფასზე: რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არ გვაქვს

Wissol Petroleum Georgia საწვავის იმპორტის ალტერნატიულ გზებს ეძებს.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ იაფი წყაროებიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში არსებულზე დაბალი ფასები ავტოგასამართ სადგურებზე მყისიერად აისახება. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ ამ დროისთვის ფასების მიმართულებით რამის გაკეთების საშუალება კომპანიას არ აქვს. 

"ნაყოფიერი შეხვედრა იყო. არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმეს ვეთანხმებით, თუ არა. ამ პათოსით არ წარმართულა ეს შეხვედრა. ჯერ ერთი, იქ არაფერი ისეთი მიგნებები არ არის, რომ რაიმეს არ დაეთანხმო. დღეს ომის გამო არაორდინალური ვითარებაა და ეს მხოლოდ ამ ინდუსტრიას არ ეხება. დაახლოებით 1 თვის წინ იყო რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების და აშშ-ს მიერ სანავობო რეზერვების გახსნის ფონზე ფასის შემცირება დაიწყო. ბაზრის მონაწილეებმა, ისევე როგორც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენმა მსგავსმა ოპერატორებმა, განვაცხადეთ რომ იყო ფასების შემცირებისმოლოდინი. ამ ინფორმაციის საფუძველზე ხელისუფლებას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ეთქვა, რომ ელოდებოდნენ ფასის შემცირებას. ეს ყველას გაგვიხარდებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა. მარტო საბრუნავ სახსრებზე ორნახევარჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. აქ მილიონებზეა საუბარი და ამ ოდენობის საბრუნავი სახსრების მობილიზება კომპანიისთვის მძიმე ტვირთია. 

შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა და ფასების შემცირება ძალიან ხანმოკლე გამოდგა. დღევანდელი მდგომარეობით რეკორდულად მაღალი ფასია. ამაზე ვთანხმდებით კონკურენციის სააგენტოც, ხელისუფლებაც. ერთი ბარელი ნავთობის ფასი $113-$114-ის ფარგლებშია. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არავის გვაქვს. არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. საწვავზე მაღალი ფასების პრობლემა მთელ მსოფლიოშია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვეძებთ ახალ დივერსიფიცირებულ წყაროებზე და თუ მოხერხდა საწვავის გაიაფებული წყაროდან შემოტანა, ის მყისიერად აისახება ავტოგასამართ სადგურებზე",- განაცხადა სოსო ფხაკაძემ ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მისივე თქმით, აქციზის გადასახადის შემცირება საწვავის ფასებზე დადებითად ვერ აისახება. 

"როგორც ეკონომისტს, არაერთხელ მითქვამს, რომ სულ რომ განახევრდეს აქციზი, ისე მკვეთრად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი, ნახევრად შემცირებული აქციზის სიკეთეს ნიველირებას გაუკეთებდა რამდენჯერმე. თუმცა, როგორც ბიზნესმენი მივესალმები თუ ხელისუფლება ნებისმიერ გადასახადს შეამცირებს. ვცდილობ, ყოველთვის სამართლიანი ვიყო ყველას მიმართ, ხელისუფლების მიმართ, ადამიანების მიმართ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალია. 

WISSOL Petroleum Georgia დღესაც ევროპიდან ყიდულობს საწვავს და ეს კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ძალიან კარგადაა ნახსენები. ვაგრძელებთ ევროპული საწვავის იმპორტს და რეალიზაციას და ცვლილება არ არის. თუ რამე საშუალება ექნება ჩემს კომპანიას, რომ იაფი წყაროდან შემოიტანოს საწვავი, მყისიერად აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. ამ წუთში ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. თუმცა, ბოლო ათი დღის განმავლობაში გამოიკვეთა რაღაც წყაროები. თუ ეს წყარო რეალური გახდა, ძაიან გაგვიხარდება. საწვავის მაღალი ფასები კომფორტული არავისთვის არაა",- განაცხადა ფხაკაძემ.