"სნეპ ფიტნესი" რეგიონებში ქსელის გაფართოებას განიხილავს
„სნეპ ფიტნესი“ რეგიონებში ქსელის გაფართოებას გეგმავს. საუბარია, ფილიალების გახსნაზე როგორც ქუთაისში, ისე ბათუმში.
როგორც „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიიის მენეჯმენტის პოზიციაა, რეგიონებსაც მიეცეს იმის საშუალება, რომ თანამედროვე თანადგარებითა და სტანდარტების დაცვით აღჭურვილ ფიტნეს დარბაზებით ისარგებლონ.
„პანდემიამ, ომმა და არასტაბილურმა გარემომ დაგვაფიქრა დამატებით ინვესტიციების ჩადებზე. თუმცა, მოლაპარაკებებს მაინც ვაწარმოებთ გაფართოებასთან დაკავშირებით. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და აღნიშნული გეგმა ამჯერად მაინც განხორციელდება. ჩვენი კომპანია რეგიონებში გაფართოებას პრიორიტეტად მიიჩნევს. არ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დედაქალაქში უნდა იყოს. კონკრეტულ თარიღს ვერ ვამბობთ, თუმცა, ამ გეგმაზე აქტიურად ვმუშაობთ,“-აცხადებს სოლოღაშვილი.
შეგახსენებთ, კომპანია 2022 წლის ბოლომდე ქსელის გაფართოებას დამატებით 10 ფილიალით გეგმავდა. საინვესტიციო გეგმა პანდემიის გამო დაპაუზდა.
დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.