"სხივის" უმი შოკოლადი და გაღივებული პური 2022 წლიდან ქსელურ მარკეტებში გაიყიდება
2022 წლიდან ბაზარზე კომპანია „სხივის“ უმი შოკოლადი და გაღივებული პური გაიყიდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რესტორანი “სხივის” დამფუძნებელმა სალომე კალანდაძემ განუცხადა, კომპანია გეგმავს უახლოეს მომავალში საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი შექმნას და თავი დაიმკვიდროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
„სხივში“ დაახლოებით 30-40 დასახელების კერძი იყიდება, რომლის მომზადების იდეა ეფუძნება სამზარეულოს მინიმალისტურ კონცეფციას, რაც რესურსების მინიმალურ გამოყენებას (სამზარეულოს ინვენტარის გარეშე, მათ შორის ტაფის, ქვაბის, საცხობის და ასე შემდეგ) გულისხმობს. კალანდაძე აცხადებს, რომ კერძის მომზადების დროს მხოლოდ წყალი გამოიყენება.
მისივე თქმით, თავდაპირველად „სხივი“ პროდუქციის რეალიზებას მხოლოდ ონლაინ მიწოდების სერვისით ახდენდა, წელს კი კომპანიამ საკუთარი კაფეც გახსნა, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარეობს. „სხივის“ თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ გაზრდილი წარმადობის შედეგად, შესაძლებელი იქნება როგორც მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა, ისე სარესტორნო ქსელის გაფართოებაც.
მისი განცხადებით, ამისთვის კომპანიამ "პირველი არხის სატელევიზიო შოუ შარქ თენქ საქართველოსგან" 70 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართავს. იგეგმება სხვადასხვა გასაღვივებელი დანადგარის შეძენა.
როგორც კალანდაძე აცხადებს, მათი საკვების ძირითადი მომხმარებლები საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან, თუმცა, ინტერესი ადგილობრივებისაგანაც იზრდება.
“სხივში“ ყველაზე მოთხოვნადი გაღივებული პურია, რომლის ფასი 7 ლარია (100 გრამი).
სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძე „სხივის“ დამფუძნებლები არიან. სანამ Raw Food-ს, ანუ ცოცხალ საკვებს საფუძვლიანად შეისწავლიდნენ და ბიზნესს დაიწყებდნენ, ადვოკატები იყვნენ და სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობდნენ.